საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა:
"საკითხების სიმწვავიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაზეც ამ ანგარიშში არის საუბარი, რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ ეს ანგარიში გაცილებით ადრე განხილულიყო. წარმოდგენილი გვაქვს თითქმის 400 გვერდიანი ანგარიში, რომელიც ეფუძნება გასული წლის განმავლობაში აპარატში შემოსულ 5000-მდე განცხადების შესწავლას, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სამხედრო ნაწილებში და სხვა სამხედრო უწყებებში განხორციელებულ ასობით მონიტორინგის შედეგებს.
მთავარი ჩემი სათქმელი დღეს თქვენთან გახლავთ ის, რომ გასულ 2021 წელს, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.