15 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
"ითქვა არასწორად, რომ თითქოს სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, ეს სამართლებრივად არასწორია" - ნინო ლომჯარია 

პარლამენტში, სახალხო დამცველმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. სხდომათა დარბაზში ომბუდსმენს გაახსენეს ძველი განცხადებები, დისკუსია გაიმართა საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის მიწების გადაცემას ეხება. სახალხო დამცველი ეკლესიის წინააღდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.   

სარჩელთან დაკავშირებით სახალხო დამცველს კითხვით მიმართა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

"მინდა გკითხოთ, რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. კერძოდ, 29 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა გამწესრიგებელი სხდომა - საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ბუნებრივია, გვესმის, რომ აქ იყო ტრანსკრიფციაში ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ სხდომაზე ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია. წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, იმიტომ რომ ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ტყუილი იყო ის, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული," - მიმართა ბექა ოდიშარიამ.

როგორც ნინო ლომჯარიამ კითხვის პასუხად განაცხადა, სარჩელი შეტანილი იქნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გასაჩივრდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი.

"ითქვა არასწორად, რომ თითქოს სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, ეს სამართლებრივად არასწორია. იმიტომ რომ სარჩელი შეტანილი იქნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. მივიჩნიეთ, რომ თანასწორუფლებიანობა, რომელიც სწორედ კონსტიტუციით არის ამ ქვეყანაში გარანტირებული, ირღვეოდა კონკრეტული ნორმატიული აქტით და ველოდებით, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას," - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

დღის ამბები