15 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
1 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა პოლიციელებისთვის - თავდაცვის, შს სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება

1 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა პოლიციელებისთვის, ბაზების განახლება, ვერტმფრენების შეძენა, შეიარაღების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება - ეს ნაწილია პროექტების, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გაზრდილი ფინანსებით შეასრულებს.

ალექსანდრე ნიქაბაძე 24 წელია სამხედროა და საქართველოს თავდაცვას ემსახურება. ის ერთ- ერთი ჯარისკაცია, ვინც მახათას მთაზე აშენებულ სამხედრო ქალაქში იცხოვრებს. ამბობს, რომ 80 კვადრატული მეტრი, მინიმალურ ფასად, 8 ათას დოლარად შეიძინა.

მახათას მთაზე, ჯარის ქალაქის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. 39 კორპუსი უკვე მზად არის და მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. წლის ბოლოს იქ 1039 სამხედრო ოჯახი ბინას დაიდებს. ჯარისკაცებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. შესაძლებელია შიდა განვადებით სარგებლობაც. დანარჩენ თანხას სახელმწიფო დაფარავს.

თავდაცვის სამინისტრომ მომდევნო წლის თანხები, ისევ თავდაცვის შესაძლებლობებისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე გადაანაწილა. ბიუჯეტის მოცულობა 260 მილიონი ლარით გაიზარდა და მთავარი ფინანსური დოკუმენტი სულ - მილიარდ 260 მილიონ ლარს შეადგენს . 20%-ით გაეზარდა ხელფასები სამხედრო მოსამსახურეებს.

ბიუჯეტის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად გეგმის მიხედვით განხორციელდება დაგეგმილი პროექტებიც. 30 მილიონი მოხმარდება ინფრასტრუქტურას, 20 მილიონი შეიარაღებას, 10 მილიონი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებსა და მათ გამშვებ დანადგარებს, 33 მილიონი ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, ხოლო 5 მილიონი სხვადასხვა დაგეგმილ ღონისძიებებზე გადანაწილდება.

თავდაცის სამინისტრომ, გასულ წლს ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხებით უკვე გააუმჯობესა სამხედროების საყოფაცხოვრებო და ინფრასტრუქტურული პირობები. განახლებულია ყაზარმები, სასადილოები და მოწესრიგებულია შიდა ინფრასტრუქტურა. შექმნილია სწავლის, ვარჯიშისა და დასვენების ყველა პირობა.

თავდაცვის სამინისტროს პარალელურად, შს სამინისტრომ თანამშრომლების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. რამდენიმე კვირაში ყოფილი სპეცრაზმის ბაზის ტერიტორიაზე - ჯიქიას ქუჩაზე, პოლიციის ქალაქის მშენებლობა დაიწყება. 1000-ზე მეტი სამართალდამცველი საცხოვრებელ ბინას მიზერულ ფასად მიიღებს. ახალი პროგრამა 2023 წლის მომატებული ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება.

სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა 205 მილიონი ლარით გაიზარდა და პირველად მთავარი ფინანსური დოკუმენტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს. დამატებით მობილიზებული თანხები პოლიციის ხელფასებზე აისახება და მათი ყოველთვიური ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება პოლიციის შენობებს, სპეციალური დანიშნულების რაზმის ყაზარმებს, აშენდება ბაზები, შეიარაღება და აღჭურვილობა. გამოყოფილია თანხები 3 ახალი ვერტმფრენის შესაძენად. გაძლიერდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მობილიზებული თანხით სამაშველო ავტოპარკი განახლდება.

2023 წლის ბიუჯეტში თავდაცვის, შს სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად 490 მილიონი ლარით იზრდება.



დღის ამბები