დღეს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი, გენერალურ პროკურორს, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრვალესობით ირჩევს.
თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
"მიგვაჩნია, რომ ზოგადად ნებისმიერი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში განსახორციელებელი, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისაკენ, აუცილებელად უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია საქართველოს პროკურატურა მხარს დაუჭერს ამგვარი ტიპის ცვლილებებს,"- აცხადებს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი.
დღევანდელ შეხვედრაში ოპოზიციის ნაწილიც მონაწილეობს, მათ შორის არიან "ევროპელი სოციალისტები" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები, მეორე ნაწილი კი შეხვედრაში არ მონაწილეობს.
"ევროპელი სოციალისტები" მხარს უჭერენ ცვლილებებს, თუმცა პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები შინაარსიანი არ არის, შესაბამისად, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
"ცალკე აღებული პროექტი, სწორია, იმიტომ, რომ კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევა ნიშნავს იმას, რომ კომპრომისის საფუძველზე უნდა მოხდეს ამ მნიშვნელოვანი პოზიციის დაკომპლექტება. თუმცა, ჩვენთვის ამ პროექტის მხარდაჭერა რთულია იმიტომ, რომ "ოცნება" ნაგლეჯებს გვთავაზობს მაშინ, როდესაც პრობლემა და გამოწვევა მთლიანად მართლმსაჯულების ჯაჭვშია. ცალკე აღებული ამ ცვლილების მიღება მართლმსაჯულების ჯაჭვს არ და ვერ გააუმჯობესებს,"- ამბობს პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ დაუშვილი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, ჯერ კიდევ შარლ მიშელის დოკუმენტში იყო გაწერილი, ახლა კი ის ევროპული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების მხარდაჭერა.
"მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტანეთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი, ამ 12 პუნქტიან გეგმაშიც გაიწერა იგივე წესი, გენპროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით ანუ 90 ხმით, თუ ვერ ხდება ასე არჩევა, მაშინ მისი უფლებამოსილების ვადა იქნება 1 წელი, ეს წესი კი უნდა მოქმედებდეს მომდევნო 2 მოწვევის ფარგლებში. ჩვენ დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარვუდგენთ იგივე წესს, ავხსნით რა ვალდებულებიდან გამომდინარეობს ამ წესის ინიცირება და ასევე ავხსნით რა ხარვეზები შეიძლება ჰქონდეს ამ წესის კანონად ქცევას,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.