საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა პარლამენტში სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
დღევანდელ შეხვედრაში ოპოზიციის ნაწილიც მონაწილეობდა. მათი თქმით, პროცესი არ იყო ინკლუზიური.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, ჯერ კიდევ შარლ მიშელის დოკუმენტში იყო გაწერილი, ახლა კი ის ევროპული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების მხარდაჭერა.
"თუ მიღება არ გვინდოდა, საერთოდ არ დავაინიცირებდით, მაგრამ რადგან დავაინიცირეთ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამას. ოღონდ ეს უნდა იყოს კომპრომისული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარს ვუჭერთ შინაარსს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. თუმცა გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რა კარგი მოდეალიაო, ეს ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა იქნება. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა ვალდებულება ჩაგვიწერეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ჩაგვიწერეს არაევროპული მოდელი,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.