ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელიას ხელი აქვს მოტეხილი. სააგენტო წერს, რომ მისი წყაროს ცნობით, ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხელი პარტიაში მორიგი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაიზიანა. პარტიის წევრებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციას თავად ნიკა მელია გამოეხმაურა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მიღებული აქვს სპორტული ტრავმა და ერთ-ერთი ასეთი აქტივობის დროს თითი დაიზიანა. მისივე განცხადებით, ფაქტის ამგვარი ინტერპრეტაცია მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
"ამ ბოლო ხანებში, პარტიისა და პირადად ჩემს მიმართ აგორებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ და დეზინფორმაციის კორიანტელმა დიდ მასშტაბს მიაღწია, რაც ცალსახად მხოლოდ რუსული ოცნებისა და იმ ადამიანების ინტერესშია, ვისთვისაც საკუთარი გავლენების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ოცნების" დამარცხება და ქვეყნის გამარჯვება.
ამჯერად ავრცელებენ ცნობას, რომ თითქოსდა პარტიაში დაპირისპირებისას ხელი მოვიტეხე. ამასთან დაკავშირებით, ქოცმედია რეკავს პარტიაში ჩვენს თანამებრძოლებთან და კომენტარს ითხოვენ.
ნუ შეაწუხებთ, მე მოგახსენებთ:
სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება, რაც მთავარია, ხელი არც იქ მომიტეხია, თითი, და როდესაც ექიმთან მივდიოდი, მეგობრებთან ვიხუმრე კიდეც, რომ ამას კუდს მოაბამდნენ. ისე აუხდეს ყველა სურვილი ჩვენი ქვეყნისთვის კეთილისმსურველს, როგორც ეს ამიხდა.
ჩემს ბავშვობაში იყო წიგნი "ფანტაზია და მარჯვე ხელები". როგორც ჩანს, ვიღაცეებმა მხოლოდ სათაური წაიკითხეს და მონდომებით აწვალებენ ფანტაზიას და ხელმარჯვობენ,"- წერს ნიკა მელია.
მმართველი გუნდში კი დღეს აცხადებდნენ, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ახალი არ არის.
"მოტეხილი თუ არა, დაახლოებით ამ სტილის დაპირისპირებები მიმდინარეობს პარტიაში, ეს ყველამ იცის. უბრალოდ ამას შედეგად მოტეხვა მოჰყვა თუ დაჟეჟვა ეგ არ ვიცით. მაინცდამაინც კარგი მოლოდინები, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კარგი მოლოდინები ექნება, არავის არ აქვს. მემგონი თვითონაც არ აქვთ ამის განცდა,"- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.