სხვა სამინისტროების მსგავსად, 2023 წლის ბიუჯეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის უწყებისთვისაც გაიზარდა. დამატებითი თანხების მობილიზებით, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის შესაძლებლობა ჩნდება, კიდევ უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ. მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, ხარჯვითი წილი სამინისტროსთვის 95 მილიონი ლარით მეტი იქნება. ოთარ შამუგია განმარტავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით ბიუჯეტის ზრდის მიზანი, ადგილობრივი აგროწარმოების განვითარებისთვის, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მეტი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობაა. მინისტრი მიმდინარე და ახალ პროგრამებზეც საუბრობს.
ბიუჯეტი ყოველწლიურად ეზრდება სოფლის განვითარების სააგენტოს, რასაც უწყებაში ინვესტირების მიმართულებით არსებული მაღალი ინტერესით ხსნიან. მათივე განმარტებით, გაზრდილი შემოსავლებით შესაძლებელი ხდება გაგრძელდეს ბოლო წლების ტენდენცია, რაც გულისხმობს პირველადი წარმოების ზრდას ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გადამამუშავებელი სექტორის განვითარებას.
მიმდინარე წელთან შედარებით, იანვრიდან 20 პროცენტით მეტი დაფინანსება ექნება დაცული ტერიტორიების სააგენტოს. სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში ამბობენ, რომ ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაძლებელი ხდება დამატებითი თანხების მობილიზება.
მოსავლის პროცესში, ამღები ტექნიკისა და შემნახველი გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების მნიშვნელობაზე საუბრობენ ფერმერთა ასოციაციაშიც. ამბობენ, რომ ბიუჯეტის ზრდით ფერმერებისთვის მეტი შესაძლებლობა ჩნდება, გააფართოვონ მეურნეობები.
2023 წლიდან ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსება გაზრდილია ყველა სამინისტროსთვის.