"სინგაპურში ჩვენ დავასრულეთ არსებითი განხილვა, რომელიც 23 სექტემბერს გაიმართა. ჩვენ ახლა ველოდებით დასკვნით სიტყვებს მხარეთა მიერ და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი," - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა "ქრონიკაში" განაცხადა.
"სიყალბე იმდენად აშკარა და თვალსაჩინო გახდა სასამართლო პროცესის მსვლელობისას და იმდენად არადამაჯერებელი იყო ბანკის მიერ დასახელებული მოწმეები, იმდენად ჩამოიშალა მათი თავდაცვის კონსტრუქცია და იმდენად დამაჯერებელი იყო ჩვენი მხრიდან მთავარი მოწმის - ბიძინა ივანიშვილის ჩვენება, რომ ეს ყველაფერი, გარდა პოზიტიური მოლოდინისა, სხვა მოლოდინს არ გვიტოვებს. ეს წნეხი იმდენად აუტანელი იყო ბანკის დაცვისთვის, თვითონ პროცესის მსვლელობაში რამდენიმე აღიარება მოჰყვა ბანკის მხრიდან თაღლითურ მოქმედებებს, ბანკის ადვოკატის მიერ.
აქ საუბარია კონკრეტულ თაღლითობაზე - ადვოკატმა აღიარა ხელმოწერების გაყალბებები, არაავტორიზებული გადარიცხვები და ა.შ. სხვა არაფერია, თუ არა სამსახურებრივი სიყალბე და სამსახურებრივი თაღლითობა. აქედან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევს, რომ გადაწყვეტილება საჩვენო იქნება. ალბათ მთავარი საკითხი და ინტრიგაა, რა ოდენობის ზიანი იქნება დაანგარიშებული სასამართლოს და ექსპერტების მხრიდან“, - განაცხადა ყიფიანმა.
იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილისა და "კრედიტ სუისის" სამართლებრივი დავაში ბერმუდას სასამართლომ მოსარჩელე მხარეს უპირობო გამარჯვება მიანიჭა, სასამართლო დავა სინგაპურში გრძელდება.