პარტია "მოქალაქეები" გეგმავს პარლამენტს წარუდგინოს ინიციატივა, რომელიც ავტომობილის ნავსამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევებს, კიდევ უფრო შეამცირებს.
ინიციატივის მეორე პაკეტის წარდგენის გადაწყვეტილება საპარლამენტო ჯგუფმა მას შემდეგ მიიღო, რაც "მოქალაქეების" მიერ ინიცირებულმა წინა ცვლილებამ კონკრეტული შედეგი გამოიღო. ოფიციალური სტატისტიკით, გამკაცრებული კანონმდებლობის ფონზე, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შემთხვევები 2 600-დან 772-მდე შემცირდა. დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ ადმინისტრაციული პატიმრობა 772-მა ადამიანმა მოიხადა.
"გასულ კვირას მანქანა გაჩერებაზე მდგომ ორ ბავშვს დაეჯახა, საბედნიეროდ მოზარდები გადარჩნენ, მაგრამ ეს პრობლემა დღეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით 450 ადამიანი გვეღუპება ყოველწლიურად გზებზე და დაახლოებით 7 000 ადამიანი სახიჩრდება. გასული წლის 7 ნოემბერს ძალაში შევიდა კანონში ცვლილებები, რომელიც მე და ალეკო ელისაშვილმა დავაინიცირეთ და რომლის მიხედვითაც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა განმეორების შემთხვევაში გახდა დასჯადი ადმინისტრაციული პატიმრობით. დაახლოებით 800-მა ადამიანმა მოიხადა ადმინისტრაციული პატიმრობა და ამ ცვლილებამ გამოიღო კონკრეტული შედეგი. მანამდე თუ იყო სტატისტიკა, რომ ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომის 2 600-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამ ცვლილებების შემდეგ ეს ციფრი 770 შემთხვევამდე ჩამოვიდა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გზებზე ადამიანების გარდაცვალებით. ევროპაში 1 მილიონ მოსახლეზე საშუალოდ 50 ადამიანი იღუპება, საქართველოში კი ეს ციფრი 3-ჯერ მეტია, ზოგჯერ კი 150-საც აჭარბებს. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით გასაკეთებელი. გვაქვს იდეები, რომელიც უნდა დავაინიციროთ პარლამენტში, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ამ სტატისტიკას. მაგრამ კანონი როგორც არ უნდა გავამკაცროთ, მთავარი მაინც ვართ ჩვენ, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ძალიან დიდი დანაშაულია. ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ გაუფრთხილდეთ თქვენს სიცოცხლესაც და გაუფრთხილდეთ სხვების სიცოცხლესაც, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და ხშირ შემთხვევაში ნასვამი მძღოლების უპასუხისმგებლო ქცევას ეწირებიან," - აცხადებს ლევან იოსელიანი.