15 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ვის შეეხება "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი - პროექტი დღეს 3 საათზე ბიუროს წარედგინება

ვის შეეხება "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი - პროექტი დღეს 3 საათზე ბიუროს წარედგინება. დოკუმენტს უკრაინის კანონი უდევს საფუძვლად. პროექტში განსაზღვრულია ის, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად, ასევე ჩამოთვლილია ის შეზღუდვები, რაც ოლიგარქად ცნობილ პირს დაუწესდება - საუბარია გარკვეული ფინანსური აქტივობების შეზღუდვაზე.

კანონპროექტი ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია. პარტიები თვლიან, რომ ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ოპოზიციის წინააღმდეგ.

""ქართულ ოცნებას" შეუძლია, რომ ეს ინსტრუმენტი, კანონი გამოიყენოს როგორც ინსტრუმენტის რეპრესიებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ როგორც არაერთხელ გაუცხადებია მას. ასეთ კანონპროექტს მხარდაჭერა არ ექნება ოპოზიციისგან, მე ამ კანონს მხარს არ დავუჭერ, რადგან ოლიგარქიზაცია და ოლიგარქია, რომელიც არის ამ ქვეყნის პრობლემა, უნდა იყოს განხილული ფართოდ, პრინციპულად და არ შეიძლება ერთი კანონი სხვა ქვეყნიდან დავაკოპიროთ კონტექსტისა და დეტალების გათვალისწინებით," - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა იმნაძე.

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ კანონის იმპლემენტაცია თუ შემოღება ოლიგარქიზაციის პრობლემას არ გადაჭრის.

"კანონის იმპლემენტაცია თუ შემოღება არ გადაჭრის ამ პრობლემას და ეს პრობლემა გადაიჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი მოხდება ევროკავშირის რეკომენდაციების, ანუ მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემის, სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტების ფუნდამენტური რეფორმა, რაც გამოიწვევს ავტომატურად მათი დამოუკიდებლობის ზრდას და არაფორმალური გავლენების შემცირებას. ეს იქნება გამოსავალი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კანონპროექტის ასეთი ფორმით მიღება მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ფორმალური გავლენების შემცირებას, თუმცა ჩვენი პრობლემა ფორმალური გავლენები არ არის," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

უმრავლესობა კი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთია. 

"კანონი უნდა ატარებდეს ამ სამართლიან პრინციპებს. ამ სამართლიანი პრინციპებიდან გამომდინარე ვის შეეხება, ამას უკვე შემდგომ კანონი განსაზღვრავს, ამიტომ წინასწარ ნურავის მიაკერებენ რაიმე იარლიყს, რომ ვინ არის ოლიგარქი და ვინ არ არის.

უკრაინული კანონი იყო აბსოლუტურად ნეიტრალური ჩვენი სინამდვილისგან, არ ითვალისწინებდა ჩვენი შიდა პოლიტიკური ბრძოლისა და შიდა პოლიტიკური იარლიყების მიკერების ტენდენციას. ერთადერთი კანონი არის მსოფლიოში, რომელიც ოლიგარქიზაციას ეხება, ასეთი პრეცედენტი სხვა ქვეყანას არ დასჭირვებია. ჩვენთან, რადგან ეს პრეცედენტი ევროკავშირმა რეკომენდაციაში ჩაგვიწერა, ამიტომ აღებული იქნა ის კანონი საფუძვლად, რომელიც ევროკავშირის მიერ დადებითად იქნა შესრულებული," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები