15 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
ახლა თუ შეფარვით საუბრობენ ამერიკაზე, მალე რუსული "ეფესბეს" ნარატივებს გააჟღერებენ - პაატა მანჯგალაძე "ხალხის ძალის" განცხადებაზე

ამერიკულ დაფინანსებაზე "ხალხის ძალის" განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში უკვე მოჰყვა შეფასებები. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის შეფასებით, "ხალხის ძალის" განცხადებები მიზანმიმართული მავნებლობაა და შესაძლოა მათ მალე რუსული "ეფესბეს" ნარატივებითაც ისაუბრონ.

"ამათი [ხალხის ძალა] მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ახლა თუ მორიდებითა და შეფარვით საუბრობენ ამერიკაზე, როგორც "საქართველოს მტერზე", [მალე] პირდაპირ რუსული "ეფესბეს" ნარატივებს გააჟღერებენ. ადრე ვფიქრობდი, რომ რაღაც მხილების კამპანია იყო და სჭირდებოდათ, ახლა კი ვფიქრობ, რომ, პირდაპირ დასაბუთებულად გამიმყარდა რწმენა რომ ესენი არიან მიზანმიმართული მავნებლები," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დაფინანსების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და კარგი იქნება თუ ეს მოხდება. ამასთან, ქადაგიშვილის შეფასებით, აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

"კარგი იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უფრო ღია იქნება. როდესაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მკვეთრად პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება, ეს თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციების ბუნებისთვის არის მიუღებელი. ზოგადად, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მისი დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის," - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მათ შეკითხვებს საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ ისევ დუმილით პასუხობს.

დღის ამბები