15 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
მე, პირადად, დეოლიგარქიზაციის ასეთ აბსურდულ კანონს მხარს არ დავუჭერ - ალეკო ელისაშვილი

"მე, პირადად, დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ დავუჭერ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა 12-ვე პუნქტი შესრულდეს და ჩვენ კანდიდატობა მივიღოთ, ასეთ აბსურდულ კანონს მე მხარს არ დავუჭერ" -  ამის შესახებ "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება“ ამ კანონის მიღებით ევროკავშირთან მხოლოდ თავს გაიმართლებს. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, როდესაც "ქართული ოცნება" უმრავლესობაშია, პარლამენტში ისეთ კანონს არ მიიღებენ, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს რამე შეეზღუდება და საბოლოოდ ამ კანონს ოპოზიციის დამფინანსებელი საშუალო და მცირე კალიბრის ოლიგარქების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

"დეოლიგარქიზაციის კანონს მიიღებს "ქართული ოცნება", რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა და თეორიულად თავს გაიმართლებს ევროკავშირთან, ეტყვის - რომ დამავალეთ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, მოვიძიე, ერთადერთი პრეცედენტი იყო უკრაინაში, გადმოვიღე უკრაინული კანონი და მცირე შესწორებები შევიტანე. ჩვენთან პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ არის ოლიგარქი. პარლამენტში ,,ქართული ოცნებაა“ უმრავლესობაში, შესაბამისად, გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად ნახსენები არ იქნება. ამით თავს გაიმართლებენ და სუფთა თეორიულად, მართლებიც იქნებიან. პრაქტიკულად ,,ქართული ოცნება“ ამ კანონს გამოიყენებს ოპოზიციის დამფინანსებელი საშუალო და მცირე კალიბრის ოლიგარქების წინააღმდეგ და მათ აუკრძალავს პარტიების დაფინანსებას, პოლიტიკაში მონაწილეობას, მედიის დაფინანსებას და ა.შ. ამით დასრულდება ეს ყველაფერი - ,,ქართული ოცნება“ ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ეს ასეც მოხდებოდა. ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი გაშმაგებული მოითხოვდა ამ კანონის მიღებას. ,,ქართული ოცნება“ როცა გყავს უმრავლესობით, ვინ დაიჯერა, რომ ისეთ კანონს მიიღებდნენ, თუნდაც ევროკავშირის ზეწოლით, რომლითაც ივანიშვილს რამეს შეუზღუდავდნენ, ეს ხომ აბსურდია და ჩვენ ამ აბსურდში ვმონაწილეობთ. იქ ყველაზე მთავარი იყო და არის, რომ მთელი ძალისხმევა წასულიყო სასამართლოს და პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემის დასაშლელად. აქ იგულისხმება პროკურატურა, სასამართლო. აქ შეგვიძლია ვიბრძოლოთ და რაღაცა გამოვგლიჯოთ ,,ქართულ ოცნება“. მე, პირადად, დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ დავუჭერ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა 12-ვე პუნქტი შესრულდეს და ჩვენ კანდიდატობა მივიღოთ, ასეთ აბსურდულ კანონს მე მხარს არ დავუჭერ“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები