ამერიკულ დაფინანსებაზე "ხალხის ძალის" განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ხალხის ძალა" საჯაროდ საუბარს პრიორიტეტად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ გამოეყო პარტიას, კითხვების დასმა კი თავდასხმა არ არის.
"აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, ეს უკვე აშშ-ის საელჩოზეა დამოკიდებული, როგორ გამოეხმაურებიან.
მე ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას, რომ ეს საკითხები იყოს საჯარო, კითხვის დასმის და აზრის ქონის უფლება არის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, რუსეთში ამ უფლებას უზღუდავენ ხალხს და საქართველოში ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობა ყველას აქვს," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ანრი ოხანაშვილმა.
გიორგი ამილახვარის შეფასებით კი, კარგი იქნება თუ თავად საელჩო უპასუხოს იმ კითხვებს, რომელიც მოძრაობას აინტერესებს.
"ძალიან მარტივია, თავად საელჩომაც გააკეთოს შესაბამისი განცხადება, გაასაჯაროოს ეს ინფორმაცია და დიახ, საზოგადოებას უთხრას იმ რეალობის შესახებ, რომელიც მართლაც არის. აქ არანაირ ზეწოლაზე და თავდასხმაზე არ არის საუბარი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, პირიქით, ჩვენი პოზიციაა, რომ გვჭირდება ყველასთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ოკუპაციის პირობებში, მაგრამ, ასევე, აუცილებელია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებას, შემდგომ, ამა თუ იმ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე, არ მივცეთ პოლიტიკური სპეკულაციების საშუალება," - განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მათ შეკითხვებს საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ ისევ დუმილით პასუხობს.