15 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობენ იმას, რომ მან დაწერა და მიიღო კანონი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად - ოხანაშვილი

ვის შეეხება "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი - პროექტი ამ წუთებში ბიუროს სხდომაზე გადის. დოკუმენტს უკრაინის კანონი უდევს საფუძვლად. პროექტში განსაზღვრულია ის, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად, ასევე ჩამოთვლილია ის შეზღუდვები, რაც ოლიგარქად ცნობილ პირს დაუწესდება - საუბარია გარკვეული ფინანსური აქტივობების შეზღუდვაზე. კანონპროექტი ოპოზიციის ნაწილისთვოს მიუღებელია, პარტიები თვლიან, რომ ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ოპოზიციის წინააღმდეგ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს დეოლიგარქიზაციის კანონის თავის ვერსიას, და არა იმ ვერსიას, სადაც "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. ის მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი კონკრეტულ პირებზე არ უნდა იყოს მორგებული.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ამბობს, ვინ არის ოლიგარქი და ვინ არა - ეს საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. მისივე განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში უმრავლესობას "ქართული ოცნება" წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქთა შორის ნახსენები არ იქნება.

"ამ კანონის ისტორია დამთავრდება იმით, რომ კეზერაშვილს, მამუკა ხაზარაძეს, კახა ოქრიაშვილს და კიდევ რამდენიმე მდიდარს აეკრძალებათ პოლიტიკაში მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დაფინანსება. ასე დამთავრდება ეს ამბავი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის წევრსა და პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურ მდივანს, სალომე სამადაშვილს არ მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მართული უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში რაიმე კანონპროექტს დაამტკიცებს, რომელიც ივანიშვილის მეირ მიტაცებულ სახელმწიფოს ქართულ ხალხს დაუბრუნებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებულ დეოლიგარქიზაციის კანონს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

"თუ კი ისინი ჩვენ გვსაყვედურობენ, გამოდის, რომ უკრაინის ხელისუფლებას საყვედურობენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაწერა და მიიღო კანონი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად. აქამდე მივიდნენ, რომ უკრაინული მოდელი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს უკრაინელი დეპუტატების მიერ გაწეული სამუშაო.

ჩვენ რომ შეგვემუშავებინა რაიმე ტიპის ისეთი ცვლილებები, რომლითაც შეიძლებოდა ვინმე შემოგვდავებოდა ლოიალობას ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, რომ მან შექმნა და დააფუძნა ეს გუნდი "ქართული ოცნების" გუნდი და ამიტომ, ისეთი ცვლილებები შემოგვთავაზეს, რომლითაც ეს ადამიანი ამ რეგულაციაში არ ექცევა, პირიქით, ამისი პრევენცია მოვახდინეთ და ამიტომ ავიღეთ ობიექტური საზომი," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს დაუჭერს.

"მაშინ, როდესაც თურმე დავით კეზერაშვილი პირდაპირ აფინანსებს სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებას და ამას ღიად აღიარებს ყველა მხარე, ასევე აფინანსებს ერთ-ერთ ტელეარხს, ბუნებრივია იკვეთება იმის აუცილებლობა, რომ დავარეგულიროთ ეს საკითხები და სწორედ ამისთვის ხდება კანონპროექტის დაინიცირება. ჩვენ იმედი გვაქვს, ისევე როგორც 12 პუნქტიანი გეგმის გამოქვეყნებიდან ოპოზიცია მოგვიწოდებდა, რომ უნდა მიგვეღო დეოლიგარქიზაციის კანონი, კეთილს ინებებენ და ჩვენთან ერთად მხარს დაუჭერენ იმ კანონს, რომელიც შესაძლებლობას გაუქრობს იმ ადამიანებს ჩაერიონ პოლიტიკაში, ვისაც ამის უფლება არ აქვთ," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები