"ხალხის ძალა" ამჯერად აშშ-ის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის კუთხით გადმორიცხულ თანხებზე საუბრობს. მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, რომ დახმარების უდიდესი ნაწილი არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციისკენაა მიმართული, გარდა ამისა, ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოსთვის ბოლო 30 წელში გადმორიცხულ 6 მილიარდზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი პასუხებს კვლავ ელჩისგან ელოდებიან.
ფინანსებთან დაკავშირებით მეტ სიცხადეს ელოდებიან მმართველ პარტიაში, თუმცა ისინი თანხების გასაჯაროვებას არასამთავრობო სექტორს სთხოვენ. სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთვის პრიორიტეტულია.
მესამე სექტორმა დღეს განმარტების გაკეთება არ ისურვა. არასამთავრობო ორგანიზაციებში თქვეს, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალეა და მისი ხილვა ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. მესამე სექტორისგან განსხვავებით, შეფასებებში კრიტიკულია ოპოზიცია, რომელიც ფიქრობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები ანტიდასავლური რიტორიკის ნაწილია და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, კითხვის დასმა თავდასხმა არ არის და ამის უფლება აქვს ყველას, გარდა ამისა, სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ ფინანსებთან დაკავშირებით სასურველი იქნება თუ ელჩი ამომწურავად ისაუბრებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ხალხის ძალა" შეკითხვებით ამერიკის ელჩს მიმართავს. მოძრაობის წევრების თქმით, მათ მიერ დასმული შეკითხვები კელი დეგნანის მხრიდან უმეტესად უპასუხო რჩება.