საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მიღებული კანონპროექტი, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა ოპოზიციისთვის არასრულყოფილია.
აქცენტები რაზეც ოპოზიცია საუბრობს ძირითადად ცესკოს ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეებისთვის ხმების დაფიქსირების შესაძლებლობასა და ხმების ელექტრონული დათვლის სისტემას ეხება. მათი შეფასებით, ცვლილებები ფასადურია და მას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა არ შეუძლია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეთ.
"უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება და ასევე უნდა იყოს ელექტრონული დათვლის სისტემა გამართული,"- აცხადებს მანჯგალაძე.
პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აღნიშნავს, რომ პროექტი ინსტიტუციურად უნდა გაჯანსაღდეს.
"ინსტიტუციური გაჯანსაღება უნდა მოხდეს პროექტის და არა ფასადური , რადგან მხოლოდ ფასადური გაჯანსაღება არსებითად სიტუაციას ვერ შეცვლის,"- აცხადებს დაუშვილი.