15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
იზრდება ბიუჯეტი ისეთი მიმართულებით, რომელიც ემსახურება "ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებს" - ენმ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ხვდება

ამ წუთებში პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" და ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა იწყება. მთავარი თემა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტია, რომელთან დაკავშირებითაც პარტიას კონკრეტული შენიშვნები აქვს.

ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი ვერსია მოსახლეობაზე მორგებული არ არის.

"იზრდება ბიუჯეტი ისეთი მიმართულებით, რომელიც პირდაპირ ემსახურება "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ინტერესებს. მაგალითად აბსოლუტურად უაზრო პროგრამა, რომელიც წელს 40 მილიონით დაფინანსდა და ჰქვია - სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაცია და სიამაყე რომ ბიუჯეტი გავზარდეთ. კვლავ დიდი არის ვალები, როგორც საგარეო, ასევე, საშინაო ვალი. იღებენ ვალს და შემდეგ მას ვერ იყენებენ რაციონალურად," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.

უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რამაც ბიუჯეტის მატება შესაძლებელი გახდა - მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.

 2023 წლის ბიუჯეტი 21 მლრდ 302 მილიონით განისაზღვრა. მასში თითქმის ყველა უწყებისთვის დაფინანსება გაზრდილია. იზრდება ხელფასები და პენსიები.

დღის ამბები