NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. განცხადება იენს სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ომი პუტინმა დაიწყო და მანვე უნდა დაამთავროს საკუთარი ძალების უკან გაწვევით.
"თებერვლის შემდეგ, ბოლო კვირებში, ჩვენ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია ვნახეთ. გრძელდება იერიშები უკრაინის ქალაქების მიმართულებით, მოსკოვიდან ისმის ბირთვული მუქარა. NATO-ს გზავნილი შემდეგია: "ალიანსი მტკიცედ მხარს უჭერს უკრაინას და იქამდე იდგება მის გვერდით, რამდენიც საჭირო იქნება".
განვიხილავთ თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინისთვის. პრიორიტეტი იქნება უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის. ასევე შევეხებით შეკავებისა და თავდაცვის საკითხებს, შემდეგ კი იმას, თუ როგორ შევავსოთ მარაგები.
NATO თავდაცვითი ალიანსია და ცდილობს კონფლიქტისა და ომის პრევენციას. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება, რათა რუსეთს გავუგზანოთ სიგნალი, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ყველა მოკავშირეს. რუსეთმა იცის, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია. ჩვენ ნათლად ვუთხარით რუსეთს, რომ ამას ექნება მწვავე შედეგები რუსეთისთვის. ვრჩებით ყურადღებით და ვაკონტროლებთ მის ბირთვულ პოზიციებს,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში მინისტერიალი დღეს გაიხსნა. 12-13 ოქტომბერს NATO-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.
"NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ, რათა გააძლიერონ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. გააგრძელონ ალიანსის თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ესკალაციის ფონზე," - აღნიშნულია ალიანსის განცხადებაში.
პენტაგონის ინფორმაციით, ბრიუსელში უკვე ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრიც. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკვე გამართა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. მინისტრი ასევე დაესწრება რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრებიც.