"ანტიკორუფციული მოძრაობა" მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარედ არსებულ მშენებლობას აპროტესტებს. მათი განცხადებით, ნებართვა უკანონოდ არის გაცემული და მშენებლობა ავლაბრის მეტროსადგურთან მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებს.
"ქაოსური განაშენიანების კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი წარმოგვიდგინა კახი კალაძემ და თბილისი მერიამ. სწორედ ამ ადგილას მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა და აშენდება 5-სართულიანი შენობა. ჩვენ ამ გადაწყვეტილების უკან ვხედავთ კორუფციულ ინტერესებს. ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს , რომ ჰიპოთეტურად, შესაძლოა, ავლაბრის მეტროსადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხე დაემუქროს,"-აცხადებს "ანტიკორუფციული მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა.
"ანტიკორუფციული მოძრაობის" ბრალდებებს უპასუხა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ. გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ არსებობს შესაბამისი უწყებები, რომელიც სამშენებლო პროცესში რაიმე სახის გადაცდომის შემთხვევაში მოახდენენ რეაგირებას.
"თუ არსებობს რაიმე გადაცდომა კომპანიისა, თუ რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან, რა თქმა უნდა, ამაზე შეფასებებს აკეთებენ შესაბამისი სტრუქტურები. ვერანაირად ნებართვის გაცემის შემთხვევაში და სამშენებლო პროექტის განხორციელების პროცესში ვერ იქნება საუბარი უსაფრთხოების ნაწილში. რაც შეეხება მიწის ქვეშ ორ სართულს - ეს ორი სართული არის საპარკინგე ვალდებულება, რომელიც ამ კომპანიას გააჩნია ქალაქის მიმართ,"-აცხადებს გიორგი ტყემალაძე.