15 ნოემბერი 2024,   06:08
ვრცლად
უკავშირდება თუ არა ყირიმის ხიდის აფეთქების მიზნით გადატანილი ტვირთი საქართველოს - რუსეთის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის მიერ გავრცელებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მხარემ ბრალდებებთან ერთად არგუმენტებიც უნდა წარმოადგინოს. მისივე თქმით საქართველოში საბაჟო კონტროლი ეფექტურად, საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით ხორციელდება და ამ მიმართულებით პრობლემები არ არსებობს.

კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ, ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იცის,  მათ შორის როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის მხრიდან, მუდმივ რეჟიმში გვაქვს თანამშრომლობა მათთან.

"რაც შეეხება ზოგადად ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებისგან გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. ყოველთვის შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას დააბრალოს რაღაცა, თუ ამის უკან არგუმენტი არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით დატვირთულ და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს," - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურის მტკიცებით ყირიმის ხიდის აფეთქების მიზნით ტვირთის გადატანაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.

დღის ამბები