წალენჯიხაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პირადი მანქანის დაწვის ფაქტზე წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა პოლიციაში გამოიკითხება. ის საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ შევიდა.
გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გია ხარჩილავას განცხადებით, ავტომობილი სრულად გამართული იყო და მას მანქანა გვიან ღამით, მისივე საცხოვრებელ სახლთან განზრახ დაუწვეს.
"შეთანხმებისამებრ გამოვცხადდი დაკითხვაზე და გადავცემ ჩემ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას და ყველა დაკვირვებას და მოსაზრებას.“ - აცხადებს გია ხარჩილავა.
წალენჯიხაში გია ხარჩილავასთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით ჩავიდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი, რომელიც უკვე შეხვდა წალენჯიხის მერს. ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, მომხდარ ფაქტს საფუძვლად პოლიტიკური მოტივი უდევს.
"ის, რაც გუშინ მოხდა, აღიქმება როგორც მუქარა და თავდასხმა არა პერსონალურად მხოლოდ გია ხარჩიალვაზე, არამედ იმ საქმიანობაზე, რასაც წალენჯიხაში წარმატებით და სრული შემართებით ახორციელებს კოალიციური ადგილობრივი ხელისუფლება. გია ხარჩილავას მიმართ განხორციელებული ქმედება ეს არის მისი საქმიანობის გამო განხორციელებული ქმედება. ძალიან მაღალი ალბათობით, აქ არის პოლიტიკური მოტივი. ამიტომ, ახლა ჩახედეთ სისხლის სამართლის კოდექსს და სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების სურათი მაინც შექმენით დღესვე,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.