წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომობილის დაწვასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ არის უსუსური მცდელობა, მომხდარი ფაქტი ხელისუფლებას გადაბრალდეს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მომხდარ ფაქტს შესაბამისი უწყებები სათანადოდ გამოიძიებენ.
"90-იან წლებშიც კი არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა წალენჯიხაში და რატომ უნდა გაუჩნდეს ვინმეს სურვილი, რომ ეს ჩაიდინოს. მით უმეტეს არჩეულს მერს მანქანა დაუწვა. ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები და დარწმუნებული ვარ, გამოიძიებენ. თითქოს აბრალებენ ხელისუფლებას. ეს არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა, გადააბრალო ხელისუფლებას ის, რაშიც შენ ხარ ჩაფლავებული. ვის რაში სჭირდება იმის აფეთქება. უსუსური მცდელობაა, რომ თურმე ვიღაც ბრიფინგს ატარებდა და რა, ხვალ არ ჩაატარებს? უფრო მეტი სიმწვავით, თუ ამით გადაიფიქრებს? ეს რა არგუმენტია," - ამბობს ირაკლი ზარქუა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ამგვარი ქმედება დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული.
"ნებისმიერი ამგვარი ქმედება, რომელიც თავის თავში დანაშაულის ნიშნებს მოიცავს, უნდა იყოს გამოძიებული უსწრაფესად. მით უმეტეს, თუ ეს ეხება პოლიტიკოსს, მით უმეტეს, თუ ეს ეხება კონკრეტული რაიონის მერს. აქ პრინციპულად დგას საკითხი, მე ვფიქრობ და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიოს რასთან გვაქვს შეხება. წალენჯიხის მერს უნდა გაეცეს სამართლიან და კანონიერ კითხვებზე სრულად პასუხი," - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.