15 ნოემბერი 2024,   06:14
ვრცლად
ჭიჭე ვაშაძეს გადაეცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მზადაა, ხომ უყვარს უკრაინა, ხომ დაშტურტუნობს მანდ - ირაკლი ზარქუა

ამ წუთებში პარლამენტში ერთ-ერთ რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც განიხილავს სპეციალური საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურების გაძლიერებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში, ისევ ურთიერთბრალდებები ისმის.

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოზიციას  გამოეხმაურა სადაც აცხადებს - "ქართული ოცნება" 12 პუნქტის შესასრულებლად არაფერს აკეთებს, სამუშაო ჯგუფები კი არის ფარსი და თამაში." ზარქუამ ვაშაძეს მოუწოდა დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელს მხარი დაუჭიროს.

"ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები, როგორიც არის ჭიჭე ვაშაძე, რაც ჰქონდა რეიტინგი, ისიც აღარ შერჩა და თავის ამომრჩეველს ახლა ატყუებს, ჰგონია, რომ კიდევ ერთხელ "დააბოლებს" იმ ერთ თუ ერთნახევარ პროცენტს, რაც ჰქონდა აქამდე. ეს ადამიანი ერთხელ არ შემოსულა კომიტეტზე, არ დასწრებია იმ სამუშაო ჯგუფების მუშაობას. ჭიჭე ვაშაძეა მართლა და პლინტუსის მიღმა აქვს რეიტინგი და ახლა ცდილობს რომ ამოქოქოს. გადაეცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მზად არის. ხომ უყვარს უკრაინა, ხომ დაშტურუტნობს მანდ და დარბის, ეგ უკრაინული მოდელი წამოვიღეთ პირდაპირ. რატომ ეწვის იცით კუდი, ეტყობა თავისი დაფინანსებული ხვდება ამ დეოლიგარქიზაციაში და ამიტომ არ უჭერს მხარს. შენ მოგიწევს მაინც შენი ამომრჩევლის წინაშე აღიარება, რა გააკეთე," - მიმართავს ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს.

რაც შეეხება ანრი ოხანაშვილს, მისი თქმით, ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა აუხსნან საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ გამოუცხადეს საბოტაჟი 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას.

"ჩვენ არ ვართ იმ რეჟიმში, რომ გვჭირდებოდეს ვინმეს მხრიდან ბრალდების წამოყენება ან ამ ე.წ. ვითომ ბრალდებაზე პასუხის გაცემის მოცემულობის წინაშე ვიდგეთ. თავის მართლების რეჟიმში ეს ადამიანები უნდა იყვნენ. რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომლებმაც, სამწუხაროდ, დესტრუქციის გზა აირჩიეს, უნდა აუხსნან ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ გამოუცხადეს საბოტაჟი 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობას," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები