ვაკის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ტერიტორია პირვანდელ იერსახეს შეინარჩუნებს.
"80 წელია დაახლოებით, რაც ვაკის პარკი თბილისელებისთვის, ვაკელებისთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი. მე მინდა მივულოცო ყველას და დავპატიჟო, დარწმუნებული ვარ ვაკის პარკი დაიბრუნებს იმ ძველ ქართულ, თბილისურ ისტორიას, რომელიც მას წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული," - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
"ქართული ოცნების" წევრის ბექა დავითულიანის შეფასებით კი, ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნდა ათწლეულების განმავლობაში.
"ვაკის პარკის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ვაკისთვის და მთლიანად თბილისისთვის. ვაკის პარკი იბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნდა ათწლეულების განმავლობაში და ის გახდება ერთ-ერთი მთავარი საქალაქო პარკი თბილისში," - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.