გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი რეალურად საწინააღმდეგო მიზნისთვის მიმდინარეობს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლება სამუშაო ჯგუფებში სწორედ იმიტომ მუშაობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ამბობს, რომ ამის თქმის საფუძველს იმ კანონპროექტების შინაარსი აძლევს, რომელიც მისივე შეფასებით ევროკავშირის მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
ვაშაძეს ერთ-ერთმა პირველმა, ირაკლი ზარქუამ უპასუხა. უმრავლესობის დეპუტატმა ოპონენტს ჯერ პოლიტიკურ რეიტინგზე მიანიშნა, შემდეგ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. "ქართული ოცნების" წევრმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ისიც შეახსენა, რომ კონკრეტული კანონპროექტები მის გარეშე შემუშავდა, და მას მხარი ვაშაძის კოლეგებმაც დაუჭირეს.
მმართველ გუნდს რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობას წინასწარ აკისრებენ "სტრატეგია აღმაშენებელის" პარტნიორი პარტიებიც. "ლელოსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" სამუშაო ჯგუფებში მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებზე მუშაობს,
პროცესში რომ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც აქვს, ამაზე სხვა პარტიები საუბრობენ, რომლებიც განმარტავენ, რომ სწორედ ამ მიზეზით ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში. ჯგუფების მიღმა დარჩენილ კოლეგებს, ამ პოლიტიკურმა ძალებმა დღეს უთხრეს, რომ "ქართული ოცნების" კრიტიკის მორალური უფლება არ აქვთ.
"თავის მართლების რეჟიმში ახლა ოპოზიცია უნდა იყოს" - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარით ევრორეკომენდაციების შესრულებას ბოიკოტი სწორედ მათმა ოპონენტებმა გამოუცხადეს.
ურთიერთბრალდებების ფონზე კი 12 პუნქტთან დაკავშირებით, პარლამენტში მუშაობა გრძელდება. სამუშაო ჯგუფმა დღეს ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. საუბარია სპეციალური საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურების ეფექტიანობის გაზრდაზე. ამ მიმართულებით, ჯგუფს ცვლილებათა პაკეტი უკვე მომზადებული აქვს.