საერთო უსაფრთხოებისთვის გამოწვევებით სავსე დროს, ნატოს წარმომადგენლებმა შეკრება დაიწყეს. ალიანსისთვის ომის დაწყების შემდეგ, ახლა ყველაზე მწვავე მოცემულობა დგას - ერთის მხრივ კიევზე განახლებული თავდასხმების, მეორეს მხრივ კი პუტინის ბირთვული რიტორიკის ფონზე. წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ბევრ სხვა საკითხთან ერთად, იმაზე ჩამოყალიბება მოუწევთ, თუ როგორ გაამაგრებენ კიევს ფრონტის ხაზზე და ამასთან, შეავსებენ საკუთარ სამხედრო არსენალს, რომლის სოლიდური ნაწილიც უკრაინას ბოლო თვეების მანძილზე თავდასაცავად გამოუყვეს.
ნატოს შტაბბინაში მალევე დაიწყო ე.წ. რამშტაინის ჯგუფის შეხვედრა, სადაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკონტაქტო ჯგუფის წევრებს მიმართა. ვაშინგტონი უკრაინის გვერდით დგას და უშვებს, რომ ამის საჭიროება შესაძლოა წლებიც კი იდგეს - შტატები ამისათვის მზადაა და საერთაშორისო წესრიგის სადარაჯოზე დგომისკენ მოუწოდებს ნატოელებსაც. ფინანსები, ჰუმანიტარული თუ სამხედრო დახმარება ამერიკისგან კიევს არ მოაკლდება - ამის პირობა შეხვედრაზე ალექსეი რეზნიკოვმა პირადად ლოიდ ოსტინისგან მოისმინა,რომლის შეფასებითაც უკრაინამ ომის დინამიკა კონტრშეტევებით საგრძნობლად შეცვალა.
ყველაზე მეტად კიევს მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვაში სჭირდება - ამის შესახებ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იყო ცნობილი. ომის დაწყების შემდეგ კი საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა. ბოლო რამდენიმე თვეში კიევმა ამერიკისგან უკვე მიიღო ე.წ. ნასამსები და ჰაიმარსები. გულუხვ საჩუქარს ჰპირდება უკრაინელ ხალხს ბერლინიც, რომელმაც გადაწყვიტა ამ ეტაპზე მებრძოლები აირის ტე-ს ტიპის ანტისარაკეტო სისტემებით გაამაგროს, რომელიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ბრიუსელშია საქართველოს წარმომადგენლობაც. მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იენს სტოლტენბერგთან პირისპირ შეხვედრაზეც ისაუბრა, მათ შორის საქართველო-ნატოს დაახლოების პერსპექტივებზე, მასთან თავსებადობასა თუ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. ქართული დელეგაცია ასევე, ფართო დისკუსიაში ჩაერთო საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზეც, სადაც განხილვის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერის გზები იყო.
ნატოს შტაბბინაში წევრ სახელმწიფოებთან ერთად იმყოფებიან ალიანსის მომავალი წევრების, შვედეთისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრები. უკვე ხვალ, ნატოს წარმომადგენლები მათთან ინდივიდუალურ შეხვედრას გამართავენ, თუმცა მანამდე ბირთვული დაგეგმარების ჯგუფში აქვთ სამსჯელო იმ საფრთხეებზე, რომელიც ატომური იარაღის გამოყენების მუქარით პუტინმა გაამწვავა.