15 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
რუანდა საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეას მასპინძლობს - დელეგატებს სიტყვით უკვე მიმართა შალვა პაპუაშვილმა

საპარლამენტთაშორისო 145-ე ასამბლეის დელეგატებს დღეს სიტყვით მიმართა 20 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ვინაიდან დღევანდელი დისკუსიის მთავარი საკითხები გლობალური უსაფრთხოება და გენდერული თანასწორობა იყო, სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება შალვა პაპუაშვილმა. 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გენდერული საკითხების კიდევ უფრო გაძლიერება გათვალისწინებულია ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიც

"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ერთობლივად მუშაობენ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე. 

მიმდინარე საპარლამენტო განხილვები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე, მათ შორის, ბავშვთა დანიშვნის აკრძალვაზე, გენდერული ზეგავლენის შეფასების დანერგვაზე, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ჩამონათვლის გაფართოებაზე და სხვა. ამასთანავე, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ვაპირებთ, რომ დავაინიციროთ და მივიღოთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია. საქართველოს პარლამენტი მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პარტნიორ პარლამენტთან ამ საკითხზე თანამშრომლობისთვის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას გენდერული თანასწორობის მიზნის მიღწევაში. მადლობა," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა მის კორეელ კოლეგასთან გამართა. ამ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. ხვალინდელი დღე ამ მიმართულებით კიდევ უფრო დატვირთული იქნება, რადგან დაგეგმილია რამდენიმე პირისპირ შეხვედრა. როგორც ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ამბობენ, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მოხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის საკითხზე.

დღის ამბები