"ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ მოდელზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინული მოდელის ძირითადი კრიტერიუმები რაც არის, ამის გარდა ოლიგარქის დეფინიციაში ვერაფერს ვერ შემოიტან.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ოპოზიციის ხელით ამ კანონის მიღება არ მოხდეს.
"დეოლიგარქიზაციის კანონის არმიღება "ქართული ოცნების" ოცნებაა. მათ უნდათ რომ ოპოზიციის ხელით ამ კანონის მიღება არ მოხდეს. იმიტომ რომ, ვერ მიიღებს "ქართული ოცნება" ვერავითარ კანონს, რომელიც ააცილებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქის სტატუსს. არამარტო ბიძინა ივანიშვილს, იგივე რუხაძეს თუნდაც, "იმედის" მეპატრონეს, რომელიც ამავე დროს დიდი ბიზნესის მფლობელია. ამიტომ ისინი აქეთ გვაშინებენ - "ჩვენ კანონს რომ მივიღებთ, იქ მოხდება კეზერაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე".
მამუკა ხაზარაძეზე ვთქვათ, კი ბატონო, ერთ კრიტერიუმს ის აკმაყოფილებს, ეს არის ქონებრივი კრიტერიუმი, ის TBC ბანკის 8 თუ 9 პროცენტის მეპატრონეა. ეს არის კავკასიაში უდიდესი ბანკი და ეს არის ის სიკეთე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც აქტივი, ამიტომ ამ შემთხვევაში დასაძრახი არ არის ქონება. მეორე რა აქვს? მეტი რა აქვს? 4 კრიტერიუმიდან უნდა აკმაყოფილებდეს ორს. მონოპოლისტი არის? არ არის, თავის ბანკშიც 8 პროცენტი აქვს და TBC ბანკიც არ არის მონოპოლისტი საქართველოს ბაზარზე," - თქვა გოცირიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უჭერს თუ არა რომან გოცირიძე დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონს მხარს, ის პასუხობს, რომ უკრაინული მოდელის კრიტერიუმებზე მეტს მოცემულ კანონში ვერაფერს შეიტან.
"უკრაინული მოდელის ძირითადი კრიტერიუმები რაც არის, ამის გარდა ოლიგარქის დეფინიციაში ვერაფერს ვერ შემოიტან. დანარჩენი კრიტერიუმები, რომელიც არის მედიასთან დაკავშირებული, პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული და ფულთან დაკავშირებული, ამის გარდა ვერაფერს ვერ მოიგონებ," - განაცხადა გოცირიძემ.