15 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
გაეროს ახალი რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ - რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, გენერალურმა ასამბლეამ დოკუმენტი მიიღო

გაეროს ახალი რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ - რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, გენერალურმა ასამბლეამ დოკუმენტი მიიღო.

უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის მცდელობა დაგმო 143-მა ქვეყანამ - მათ შორის იყო საქართველოც. წინააღმდეგი, რუსეთის გარდა კიდევ ოთხი ქვეყანა წავიდა - ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია და ნიკარაგუა. 35-მა სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, მათ შორის იყო ჩინეთი და ინდოეთი. სიტყვით გამომსვლელთა შორის, რომლებმაც შეკრებილებს კენჭისყრამდე მიმართეს იყო საქართველოს ელჩიც.

Нет описания.

დავით ბაქრაძემ რუსეთის მიერ ფსევდო რეფერენდუმები და უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობა საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ დაგმო.

გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე დაამტკიცეს რუსეთის მიერ უშიშროების საბჭოზე ვეტოდადებული რეზოლუცია, რომელიც უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსიას გმობს და მოსკოვისგან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვს. 193 წევრიან ორგანიზაციაში მხოლოდ ოთხი ქვეყანა აღმოჩნდა რუსეთის მხარეს, რომელმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.

"რუსეთი შეეცადა გაეჩუმებინა უშიშროების საბჭო, თუმცა მათ ვერ გააჩუმეს საერთაშორისო თანამეგობრობა, გენერალური ასამბლეა და გაერო. დღევანდელი შედეგი ხმამაღალი განაცხადია, რომელიც რუსეთის ქმედებებს უარყოფს და მათ უკანონოდ მიიჩნევს," - აცხადებს ევროკავშირის ელჩი გაეროში ოლოფ სქუგი.

საქართველო მიღებული რეზოლუციის თანასპონსორია. გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიის მცდელობას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.

"საქართველო გმობს ყალბი რეფერენდუმის შემდგომ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობას და ადასტურებს მის ურყევ მხარდაჭერას, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც იმ ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა 2008 წელს მოახდინა, ნება მომეცით ნათლად განვმარტო: დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, სიტყვებს და იმ ქმედებას, რომელსაც დღეს ვახორციელებთ. მნიშვნელობა აქვს შემდგომი თაობებისთვის და გაეროს მომავლისთვის, რათა შემდგომი თვეების და წლების განმავლობაშ მსოფლიოს ყველაზე აქტუალურ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მკაფიო სიგნალი გავგზავნოთ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და გაეროს ქარტიის პრინციპების დასაცავად," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იმ დღეების განმავლობაში, ვიდრე გენერალურ ასამბლეაზე დებატები მიმდინარეობდა, შეერთებული შტატების დელეგაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანი იყო და საქმე ეხებოდა არა რომელიმე ქვეყნის გვერდით ან რუსეთის საპირისპირო მხარეს დგომას, არამედ დღის წესრიგში გაეროს ქარტიის იმ პრინციპების დაცვა იდგა, რომლებიც არ აძლევს ქვეყნებს ტერიტორიების მიტაცების უფლებას და რომლებიც თავად ორგანიზაციის წევრებს აქვთ აღიარებული.

"დღევანდელ კენჭისყრას პრაქტიკული ეფექტი აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს და გაეროს თვალში უკრაინის საზღვრები უცვლელია. ხერსონი უკრაინაა. ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუჰანსკი უკრაინაა და უკრაინა ისევ უკრაინად რჩება.

თუ გაეროს წევრი ხარ, შენი საზღვრები შენ გეკუთვნის და საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულია. ისინი არ შეიძლება ვინმემ ძალით შეცვალოს. გაერო ამ იდეისთვის შეიქმნა. დღეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა უმრავლესობამ დაიცვა გაეროს ქარტია, რომელიც ამ იდეას განასახიერებს," - განაცხადა აშშ-ს ელჩმა გაეროში ლინდა თომას გრინფილდმა.

რუსეთი გაეროში იზოლირებული აღმოჩნდა. დელეგაციის ხელმძღვანელი ნებენზია, ამჯერადაც შეეცადა ვაშინგტონზე და ნატოს ქვეყნებზე თავდასხმით, ასევე კოსოვოს მაგალითის მოყვანით დაეცვა ანექსიის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა ამან მოსკოვის მომხრეების რაოდენობის გაზრდაზე ვერ იმოქმედა. 35-მა ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, თუმცა რეზოლუციის მოწინააღმდეგეების რიცხვში ისევ ის რამდენიმე ქვეყანა დარჩა, რომელიც ისედაც ყოველთვის რუსეთის გვერდით იდგა.

გაეროში რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის თქმით, ეს არის მსოფლიოს გზავნილი, რომ რუსეთი რუკიდან სუვერენული ქვეყნის წაშლას ვერ შეძლებს.

დღის ამბები