15 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციური ერთობის ინიციატივით გამოდის და კოლეგებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს - რა პასუხები მოჰყვა ვაშაძის შეთავაზებას პოლიტიკოსებისგან

"სტრატეგია აღმაშენებელი" ოპოზიციური ერთობის ინიციატივით გამოდის და კოლეგებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, იწყება კონსულტაციები და  თვლის, რომ ეს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზაა. მისივე თქმით, ვინც გაერთიანებას არ შეუერთდება, პოლიტიკური პროცესებიდან გარიყული იქნება.

როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, ერთიანობა კარგია, თუმცა კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა, ამიტომ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ.

"არ მჯერა მე ასეთი ევროპული გაერთიანების, რომლის ლიდერები ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებენ. ევროკავშირი გვეუბნება პირდაპირ, თუ გინდათ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ, დასხედით ერთ მაგიდასთან და იმუშავეთო. არ ჯდები, არ მუშაობ და ამ დროს ევროპელობაზე საუბრობ? ევროკავშირის ბილეთი ხელში გვიჭირავს და შეიძლება ვაშაძისა და რამდენიმეს უპასუხისმგებლობის გამო, ეს ბილეთი ხელიდან გაგვივარდეს. მოუკლონ მივლინებებში სიარულს "ქართულ ოცნებასთან" ერთად და მოუმატონ მუშაობას," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი. 

"გირჩში" ამბობენ, რომ ნებისმიერ გაერთიანებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუკი ეს გარკვეული იდეის გარშემო გაერთიანება იქნება. 

მმართველ გუნდში კი, ინიციატივას არასერიოზულად აღიქვამენ, რადგან თვლიან, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებებია.

"როგორ უნდა გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ პარტიებში არიან მარტივ მამრავლებად დაშლილები. ამიტომ, ეს ადამიანები რა პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ, ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც გაუგებარია," - ამბობს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

მმართველი გუნდის წევრების ნაწილისთვის კი, საერთოდ არ არის საინტერესო ოპოზიციის გაერთიანების საკითხი: 

"ვისთან ერთადაც უნდათ იმასთან გაერთიანდნენ, საერთოდ არ გვადარდებს ეგ საკითხი. 12 პუნქტიან გეგმას ოპოზიციის გაერთიანება კი არ სჭირდება, ამას სჭირდება სამუშაო ჯგუფებში ყველა მათგანის მოსვლა," - პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი. 

 

დღის ამბები