27 აგვისტო 2026,   01:37
ვრცლად
"ნელის ნიკასთან მონაწერი ჰქონდა, მოვალ დედაშენს კბილებს ჩავუმტვრევ, ზუსტი ტექსტი არ მახსოვს, მაგრამ მუქარის შემცველი ტექსტი იყო ნამდვილად" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმის ჩვენება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებებს უარყოფს - ქვეყნის პირველმა ჩოგანმა სასამართლოს დაწყებამდე მედიასთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ისაუბრებს.

უკვე რამდენიმე საათია საქალაქო სასამართლოში ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ბასილაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც დაზარალებული ნელი დოროყაშვილიც ესწრება.

ჩვენებას აძლევს სპორტსმენის ძმა, თენგო ბასილაშვილი, რომელიც იმ ეპიზოდებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ბრალის დადგენილებაშია აღწერილი. ბრალდებულის ძმა დეტალურად იხსენებს იმ წლებს, როდესაც ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი იყო. ამბობს, რომ დაშორების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნეკა დოროყაშვილი ითხოვდა სახლს მცხეთაში, ბინას გოგებაშვილის ქუჩაზე, 500 000 ამერიკულ დოლარს და ალიმენტის სახით 18 000 ლარს. მოსამართლის გადაწყვეტილებით კი, მოთხოვნილი უძრავი ქონება დორტოყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილისგან სრულად მიიღო, რათა გარკვეულ პროვოკაციებს ადგილი არ ჰქონოდა, ხოლო ალიმენტის სახით ყოველთვიურად 3 500 ლარს იღებდა, ერთჯერადად კი  100 000 ამერიკული დოლარი მიიღო.

ირკვევა, რომ კონფლიქტის დაწყებამდე ნიკოლოზ ბასილაშვილს თავად სურდა პოლიციისთვის მიემართა, რათა შემაკავებელი ორდერი ახლა უკვე ყოფილი ცოლის მისამართით გამოწერილიყო, თუმცა ჩვენების მიხედვით, მან ეს ვერ მოასწრო. თენგო ბასილაშვილი ასევე ამბობს, რომ მთელი ქორწინების პერიოდში ადგილი ჰქონდა სისტემატიურ მუქარებს და ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ეუბნებოდა, რომ დაშორების შემთხვევაში მის კარიერას დაანგრევდა, წავიდოდა  სასამართლოში, რასაც დიდი სკანდალი და გამოხმაურება მოჰყვებოდა.

"ნიკამ გვითხრა, რომ ძალიან სერიოზული ისტერიკა მოაწყო, რის გამოც ნიკას მოუწია სხვა ნომერში გადასვლა. მანამდე, სანამ ჩამოვიდოდნენ, არც ნიკას და არც ნელის, ჩემთვის არც ერთს არაფერი უთქვამს. 2019 წლის შემდეგ ნიკა უკვე ტელეფონითაც არიდებდა თავს რაიმე სხვა დეტალებზე საუბარს, გარდა ბავშვისა. ნელის მანამდე, 2 კვირით ადრე, ნიკასთან მონაწერი ჰქონდა, რომ მოვალ, დედაშენს კბილებს ჩავუმტვრევ, ისე ვიზამ, ასე ვიზამ, ზუსტი ტექსტი არ მახსოვს, მაგრამ მუქარის შემცველი ტექსტი იყო ნამდვილად.

თანაცხოვრების შეწყვეტას უძღოდა ნელის ძალიან დიდი ეჭვიანობა და ძალიან დიდი ისტერიკები ამ ეჭვიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მანამდეც განხორციელდა სადღაც ივლისის თვეში, როდესაც მე მწერს "ნიკა სად არის? ნიკა მომიძებნე." ნიკას სულ გადატვირთული გრაფიკი აქვს," - განაცხადა დღევანდელ პროცესზე ნიკა ბასილაშვილის ძმამ თენგო ბასილავშილმა.

უკვე მესამე სასამართლო პროცესია, რაც ბრალდებული და დაზარალებული სხდომათა დარბაზში ერთმანეთს ხვდებიან. სასამართლო სხდომის დაწყებამდე კომენტარი ორივე მათგანმა გააკეთა. ნიკოლოზ ბასილაშვილის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

"სასამართლოა, არ შეიძლება ახლა. როდესაც დასრულდება ეს ყველაფერი, აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე. რა თქმა უნდა ცრუ ბრალდებებია, რა თქმა უნდა არ ვაღიარებ," - აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

თავად ნელი დოროყაშვილი კი ამბობს, რომ ბასილაშვილის ოჯახის წევრები, მოწმეები, რომლებიც ახლა სასამართლო დარბაზში იკითხებიან, მაქსიმალურად ცდილობენ საქართველოს პირველი ჩოგანი ამ სკანდალიდან მშრალად გამოვიდეს.

"ისინი საუბრობენ ფაქტობრივ უზუსტობებს, რომ რამენაირად გამოაძვრინონ და სხვა მოლოდინი არც მაქვს მისი ოჯახის წევრების მხრიდან. თითქმის ყველაფერი ეს არის სიცრუის პროპაგანდა და გრძელდება ეს," - ამბობს ნელი დოროყაშვილი.

დღის ამბები