ოპოზიციის მხრიდან დეოლიგარქიზაციის კანონის კრიტიკას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია საკუთარ ოლიგარქებს იცავს და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება ამ კანონს.
"ოპოზიციის რადიკალური ნაწილისთვის მიუღებელია არა დეოლიგარქიცაზიის კანონის უკრაინული მოდელი, არამედ ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით შემუშავებული ნებისმიერი კანონპროექტი.
უკრაინულ კანონში არის ჩამოყალიბებული ოლიგარქის ცნება, რაც ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს, არის 4 კრიტერიუმი. მათთვის სწორედ იმიტომ არის ეს კანონპროექტი მიუღებელი, რომ მათ ჰყავთ ოლიგარქები. ჩვენ მხარეს არ არიან ოლიგარქები, მათ ჰყავთ რამდენიმე ოლიგარქი და მათ სუბიექტურ ინტერესებშია, რომ საკუთარი ოლიგარქები დაიცვან, იმისათვის, რომ მიიღონ მათგან თუნდაც დაფინანსება პოლიტიკური საქმიანობისთვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვრის შეფასებით კი, ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონს დავით კეზერაშვილის დაცვის მიზნით ეწინააღმდეგება. გიორგი ამილახვრის თქმით, სწორედ დავით კეზერაშვილია ის, ვინც ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
"თუ ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად უკრაინაში, ბუნებრივია, სწორედ იგივე მახასიათებლების მქონე ადამიანი ჩაითვლება ოლიგარქად საქართველოშიც. ეს არის ის განმარტება, რომელიც შეიმუშავა საერთაშორისო პრაქტიკამ, რომელიც მოწონებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ აქ ორმაგი სტანდარტი ვერ იქნება, ის რაც იმუშავებს უკრაინაში, ბუნებრივია, იმუშავებს საქართველოშიც.
დაინახეს რა, რომ პირდაპირ სახელი და გვარითაც რომ ჩავწეროთ ამ კანონში დავით კეზერაშვილი, არავის არ უჩნდება კითხვის ნიშანი. იმიტომ რომ საჯაროდ არის დადასტურებული მისი მხრიდან, როგორც პოლიტიკური პარტიის, ასევე მედიის დაფინანსება. სწორედ ახლა გაჩნდა მათ მიერ წუხილები და ბუნებრივია, ყველაფერს აკეთებენ როგორც სჩვევიათ, რომ ბიძინა ივანიშვილზე მიიტანონ იერიში და კიდევ ერთხელ რაღაც რეპუტაციული ზიანი მიაყენონ," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.