20 მაისი 2024,   00:56
ვრცლად
პირველი ჩოგნის სასამართლო პროცესი - რატომ უნდოდა ბასილაშვილის მხარეს დოროყაშვილისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერა და რა თქვა პროცესზე ჩოგბურთელის ძმამ

ბინა, საპარკინგე სივრცეები, კომერციული ფართი გოგებაშვილის ქუჩაზე, სახლი მცხეთაში, ავტომობილი X5, 500 000 ამერიკული დოლარი და 18 000 ლარი ალიმენტის სახით - ეს არის კომპენსაცია, რომლსაც ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს დაშორების შემთხვევაში თხოვდა. სასამართლო განხილვებით ირკვევა, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ახლა უკვე ყოფილ მეუღლეს, მოთხოვნები კონფლიქტის არიდების მიზნით დაუკმაყოფილა. თუმცა საქმე სასამართლომდე მაინც მივიდა, ამიტომ დოროყაშვილმა უძრავი ქონება სრულად, მაგრამ ფინანსების მხოლოდ ნაწილი მიიღო. საქმის მასალების მიხედვით, ბასილაშვილი დოროყაშვილს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 3500 ლარს აძლევს, ერთჯერადად კი, 100 000 დოლარი გადაუხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ნოკოლოზ ბასილაშვილის ძმამ ისიც განმარტა, რომ ოჯახი ნელი დოროყაშვილის წინააღდეგ შემაკავებელ ორდერს ითხოვდა, მაგრამ რძალმა პოლიციაში საჩივრის შეტანა დაასწრო.

თენგო ბასილაშვილმა დღეს, სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე და კატეგორიულად გამორიცხა ჩოგბურთელის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მეტიც, მოწმე მთელი პროცესის განმავლობაში ამბობდა, რომ ნელი დოროყაშვილი სისტემატიურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა საქართველოს პირველ ჩოგანზე და კარიერის დანგრევით ემუქრებოდა.

ჩოგბურთელის ძმამ გაიხსენა, რომ ცოლ-ქმარი ამერიკაში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ნიკა ბასილაშვილის ინიციატივით დაშორდნენ. საქმის მასალების მიხედვით, ამერიკაში ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობა მოხდა, რაც დღეს მოწმემ კატეგორიულად უარყო და ფაქტს ყოფილი რძლის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია უწოდა.

სასამართლო სხდომას ესწრებოდა ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილიც. საქართველოს პირველი ჩოგანი ბრალს არ აღიარებს, დეტალებზე საუბარს კი, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შედეგ გეგმავს.

საქმის დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ ოჯახს წევრები ჩოგბურთელის დაცვას ცდილობენ, მაგრამ საქმის მასალების მიხედვით, საწინააღმდეგო დასტურდება.

დღეს ჩოგბურთელის სხვა ოჯახის წევრებიც დაიკითხნენ, სასამართლოს წინაშე კიდევ 10-მდე მოწმე წარსდგება. საბოლოო გადაწყვეტილებას, მოსამართლე 20 ოქტომბრამდე გამოიტანს.

დღის ამბები