15 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ანა აბაშიძე 321 ქულით პირველ ადგილზე – სახალხო დამცველობის კანდიდატებს შემფასებელმა კომისიამ ქულები უკვე დაუწერა

ანა აბაშიძე 321 ქულით პირველ ადგილზე – სახალხო დამცველობის კანდიდატებს შემფასებელმა კომისიამ ქულები უკვე დაუწერა. მეორე ადგილზეა ნაზი ჯანეზაშვილი 288 ქულით, მესამე ადგილზე ნუგზარ კოხრეიძე 237 ქულით.

გიორგი ბურჯანაძეს კი, რომელიც სამოქალაქო სექტორის ერთ–ერთი კანდიდატი იყო, 231 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. ამის შემდეგ კანდიდატებს უკვე პოლიტიკური სუბიექტები დაასახელებენ, აირჩევენ 7 მათგანს. "ქართული ოცნება" კანდიდატის დასახელებას არ აპირებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" თავმჯდომარე ეკატერინე ციმაკურიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარლამენტის წევრებმა და პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კანდიდატებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ცოდნითა და სამუშაო გამოცდილებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრებმა და პარტიებმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ, რომ ამ კანდიდატებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ცოდნით და სამუშაო გამოცდილებით, თუმცა ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის ან მიუკერძოებლობის კრიტერიუმებს და ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. აუცილებელია, რომ სახალხო დამცველი იყოს დამოუკიდებელი, იყოს კეთილსინდისიერი თავის საქმიანობაში და თავისი წარსული ცხოვრებით ეს უნდა ჰქონდეს დადასტურებული," - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.

ომბუდსმენობის კანდიდატი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის შერჩევა ქვეყნისთვის საკვანძო საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს წარმატება ექნება იმ შემთხვევაში, თუ კი პარლამენტი დამოუკიდებელ წევრს აირჩევს.

"სახალხო დამცველის შერჩევა საქართველოსთვის ამჟამად არის ძალიან საკვანძო საკითხი, თუნდაც იმიტომ, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით ქვეყანას ექნება წარმატება თუ კი პარლამენტი აირჩევს დამოუკიდებელ წევრს და ისეთ ადამიანს, რომელსაც ექნება მხარდაჭერა. ამიტომ, ჩემი განწყობა მაინც ასეთია, რომ ველოდები საბოლოოდ პარლამენტის გადაწყვეტილებას, იქ როგორ განვითარდება მოვლენები, რა მოხდება, ოპოზიციას რა დამოკიდებულება ექნება - ეს ყველაფერი არის ჩემთვის საინტერესო," - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები