"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.
"ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა შედგა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარესთან ლარს კლინგბაილთან, ჩვენ გვქონდა საუბარი როგორც პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიული თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენს პარტიასა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის, ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას" - ირაკლი კობახიძე
შეხვედრას ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" დელეგაციის წევრები - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლევან იზორია.