როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილის გვარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის თემაზე მიღებულ რეზოლუციაში - როგორც ირკვევა, მომხსენებელი ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი პარტიის EPP-ის ფრაქციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პოჩე იყო. 600 კაციან ასამბლეაში რეზოლუციის იმ ნაწილის შესწორებას, რომელშიც საქართველოს ექსპრეზიდენტის გვარიც დაფიქსირდა, ხმა მხოლოდ 56-მა მისცა. რეზოლუცია ამ ჩანაწერს უსამართლოს უწოდებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
"56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. არაფერი განსაკუთრებული. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ,
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინის თემაზე მიღებულ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის თემის მოხვედრას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანიც გამოეხმაურა. მისივე თქმით, ჩანაწერი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში გაკეთდა, აბსოლუტურად უსაფუძვლო და უადგილოა
"ჩანაწერი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში გაკეთდა, აბსოლუტურად უსაფუძვლო და უადგილოა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი პარტნიორი პარტიები ცდილობენ, ყველგან შემოიტანონ ეს თემა, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლო და უადგილო იყო ამ კონკრეტულ რეზოლუციასთან მიმართებაში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი ისტორია ევროსაბჭოში. როგორც იცით, სულ რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული რეზოლუცია, რომელშიც უშუალოდ საქართველოზე იყო საუბარი. ძალიან დეტალურად იყო აღწერილი აბსოლუტურად ყველა თემა და ყველა საკითხი, რომელიც საქართველოს ეხებოდა და ასეთი ჩანაწერი ამ რეზოლუციაში არ არსებობს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.