როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილის გვარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის თემაზე მიღებულ რეზოლუციაში.
როგორც ირკვევა, მომხსენებელი ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი პარტიის იპიპის ფრაქციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პოჩე იყო. 600 -კაციან ასამბლეაში რეზოლუციის იმ ნაწილის შესწორებას, რომელშიც საქართველოს ექსპრეზიდენტის გვარიც დაფიქსირდა, ხმა მხოლოდ 56-მა მისცა. რეზოლუცია პოლიტიკური განხილვის თემაა თბილისშიც.
პარლამენტის წევრი და პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პუტინი მთავარ მტრად მიიჩნევს.
"მიხეილ სააკაშვილი როგორც ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე იყო სწორედ ამ დაპირისპირებაში, რომელსაც თვითონ ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს ერთ-ერთ მთავარ მტრად, სწორედ ამიტომ არის იდენტიფიცირებული ერთ-ერთ იმ ჩამონათვალში ადამიანების, რომელთა პატიმრობა და უფლებების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაურკვეველი არის როგორც აპირებს, რომ ამ ხელისუფლებამ გააგრძელოს დარწმუნება მსოფლიო თანამეგობრობის, რომ არის ამ ბრძოლაში ისტორიის სწორ მხარეს და ამავე დროს გააგრძელოს სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა.
"მე არ ვიცი იქ ვინ ვის რა ელაპარაკა, ვინ რა წარადგინა. "ნაციონალური მოძრაობა" თავისას რომ ეცდებოდა ამაში რამე გიკვირთ? პირველად ხომ არ ვამბობთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დიახ უნდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება?! ამაში ახალი ხომ არაფერია. რეზოლუციაში რაც ჩაიწერა, ეს შედეგი არის არა იმისი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური პატიმარია, არამედ ეს არის შედეგი "ოცნების" უგუნური მოქმედებების," - აცხადებს პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ევროპულ პარტნიორებზე გავლენის მოხდენა მარტივი არ არის.
"მიხეილ სააკაშვილი როგორც უკრაინის მოქალაქე, თავისუფლებისთვის მებრძოლი და დაპირისპირებული პუტინთან, ამ კონტექსტში მოხდა ალბათ ამ საკითხის განხილვა. მე სამწუხაროდ, ღრმად არ ვიცნობ რეზოლუციას. "ნაციონალური მოძრაობის" გავლენას გამოვრიცხავ. გავლენა რომ ადვილი იყოს ევროპელ პარტნიორებზე, მაშინ "ქართული ოცნებაც" მიაღებინებდა გუშინ თავის პარტნიორს "სოციალ-დემოკრატებს" გადაწყვეტილებას და საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას, მაგრამ ეს სამწუხაროდ ასე არ ხდება," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე.