15 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი რუანდაში გრძელდება - შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი რუანდაში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას.

გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ამავე დელეგაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა იმაზე თუ რამდენად ძლიერია ბრიტანეთის მხარდაჭერა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მიმართ. სწორედ რუსული აგრესია იყო ერთ-ერთი ძირითადი თემა, რომელთა დაკავშირებითაც მხარეებმა ისაუბრეს.

"გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია მოხარულია საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე მეგობრობა ჩვენს ქართველ კოლეგებთან და ასევე დავრწმუნდით, რომ ქართველ კოლეგებს ესმით, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დგას ქართველი და უკრაინელი მეგობრების გვერდით ამ რთულ დროს," - განაცხადა ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰარიეტ ბოლდუინმა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინის ომზე და მის გავლენებზე საქართველოზე.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ძირითადად რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ომზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ჩვენს პოზიციებზე, სანქციებზე, იმაზე თუ როგორი აღქმაა ამ ომის დიდ ბრიტანეთში და ევროპაში ზოგადად. ასევე შევეხეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იმ გამოწვევებს, რომელიც ამ თემის ირგვლივ არის. იმიტომ რომ, ბუნებრივია უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენზე და ამ თემაზე დიდ გავლენას ახდენს," - ამბობს რაქვიაშვილი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ შეხვედრის დროს ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო საქართველოს როლი და პოზიცია სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში.

"მათ ჰქონდათ კითხვები აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე. ზოგადად რა გავლენას ახდენს უკრაინის ვითარება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არამხოლოდ, ასევე ზოგადად რეგიონზე. ასევე ისინი დაინტერესდნენ საქართველოს როლით აზერბაიჯანსა და სომხეთში მიმდინარე კონფლიქტში და ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა, მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივა. 
ასევე, საუბარი გვქონდა ვაჭრობის საკითხებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების და შავ ზღვაში დაკავშირებადობის საკითხებზე," - აცხადებს სამხარაძე.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ქართულმა მხარემ არაერთი შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან და ვიცე სპიკერებთან. დაახლოებით 15-მდე შეხვედრა არის გამართული და ყველა ამ შეხვედრაზე აქცენტი კეთდება იმასთან დაკავშირებით თუ რა მდგომარეობაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომ აუცილებელია არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნება.

დღის ამბები