15 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ომბუდსმენობის კანდიდატები - ვინ ლიდერობს შეფასების ჯგუფის ჯამური ქულებით

სახალხო დამცველის 19 კანდიტატს შემფასებელი კომისია თითქმის ორი კვირა სწავლობდა, შეფასების შედეგად კი რეიტინგის სათავეში ანა აბაშიძე მოექცა, მის შემდეგ პოზიციას ნაზი ჯანეზაშვილი იკავებს. ორივე სამოქალაქო სექტორის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია. გიორგი ბურჯანაძე კი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე უწევდნენ რეკომენდაციას, მეოთხე ადგილზეა. ახლა ჯერი საკანონმდებლო ორგანოზეა. სწორედ დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ გახდება ახალი ომბუდსმენი - კანდიდატებს ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ. 

კოლეგებისგან მხარდაჭერის მოლოდინშია იაგო ხვიჩია. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერისთვის, რომელსაც შემფასებელმა კომისიამ მხოლოდ 62 ქულა დაუწერა, ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, ხვიჩია სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, სამუშაო ჯგუფის მუშაობას სკეპტიკურად აფასებს.

შემფასებელ კომისიაში სულ 9 წევრი იყო. ისინი პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებთან კონსულტაციების შედეგად დააკომპლექტა. კომისიის წევრები დღეს ამბობენ, რომ მთავარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც კანდიდატები შეაფასეს, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება და აპოლიტიკურობა იყო.

შემფასებელი კომისიის ქულებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, დეპუტატები გადაწყვეტილებას მაინც ინდივიდუალურად იღებენ. ახლა პოლიტიკურმა სუბიექტებმა მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა წარმოადგინონ, რომელზე მსჯელობასაც პარლამენტი დაიწყებს. ოპოზიცია კანდიდატს, სავარაუდოდ, მესამე სექტორის მხარდაჭერილი პირებიდან დაასახელებს.

პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს მმართველ პარტიას, ისინი ამბობენ მხოლოდ ერთს, რომ გადაწყვეტილებას გამოცდილების, კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე მიიღებენ. მმართველი პარტია საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს.

დღის ამბები