უკრაინის მიმართ გამოხატული პოზიციის მიუხედავად, ევროპის საბჭოს რეზოლუციამ საქართველოსგან მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო. ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მიზეზი ის შესწორება გახდა, რომელიც დოკუმენტში სულ ბოლოს, მის დამტკიცებამდე შევიდა. "ევროპის სახალხო პარტიის" ინიციატივით ცვლილება შეეხო ჩანაწერს, რომელშიც საუბარია პუტინის მოწინააღმდეგეთა დევნაზე. ამ კონტექსტში ოპოზიციონერ ვლადიმერ კარამურზასთან ერთად ჩაიწერა მიხეილ სააკაშვილიც. ყოფილი პრეზიდენტი ნახსენებია, როგორც უკრაინის მოქალაქე და პოლიტპატიმარი.
თავად მიხეილ სააკაშვილი ეთანხმება ჩანაწერს და მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში მისი გვარი ობიექტურად ჩაიწერა. ექსპრეზიდენტი იმასაც წერს, რომ ეს ქვეყნისთვის საზიანოა, თუმცა დოკუმენტში ეს ჩანაწერი სწორედ მისი პარტიის პარტნიორი, "ევროპის სახალხო პარტიის" ინიციატივით გაჩნდა. ასამბლეაზე ხატია დეკანოიძე მონაწილეობდა.
ის, რაც "ნაციონალური მოძრაობისთვის" დეტალია, მმართველი პარტიისთვის უსამართლო ჩანაწერია, რომელიც დოკუმენტში მათივე აზრით, მთავარი ოპოზიციური ძალის დამსახურებით შევიდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორები სათანადოდ არიან ინფორმირებულები, სხვა დანარჩენი კი მათთვის პოლიტიკური სპეკულაციაა.
პოლიტიკური პარტნიორობის შედეგი თუ ობიექტური საფუძველი? როგორ მოხვდა ჩანაწერი რეზოლუციაში? - ამ საკითხზე ხელისუფლების ოპონენტებს შორის აზრი ორად გაიყო.
მმართველ პარტიაში კი რეზოლუციის ჩანაწერს მხოლოდ სააკაშვილის გუნდისა და სახალხო პარტიის პარტნიორობას უკავშირებენ. ერთ-ერთ არგუმენტად მათ ევროპის საბჭოს რამდენიმე თვის წინ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციაც მოჰყავთ, სადაც ყოფილ პრეზიდენტზე არაფერი თქმულა.
ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ჩანაწერი რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა, საკითხის მომხსენებელიც "სახალხო პარტიის" ფრაქციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პოჩე იყო.