ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან "საქართველოსთვის" გარიცხეს. ჩიკვაშვილის გახარიას რიგებიდან გარიცხვის გადაწყვეტილება თავად პარტიამ მიიღო.
პარტიის "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, მიზეზი, მერკანტილური ინტერესების პარტიულზე მაღლა დაყენება გახდა, რადგან ნინო ჩიკვაშვილს ბოლო თვეების განმავლობაში აშანტაჟებდნენ მის საკუთრებაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმით.
"ნინო ჩიკვაშვილს, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრი ჩვენი პარტიის სიით გახდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად აშანტაჟებდნენ მის საკუთრებაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმებით. ის უნდა წასულიყო პარტიიდან, ოღონდ დარჩენილიყო საკრებულოში ფსევდო დამოუკიდებელ დეპუტატად, სანაცვლოდ, ოცნება მას ფინანსური სანქციების საკითხის მოგვარებას, ხოლო ბონუსის სახით, დამატებითი შესაძლებლობების არხის გახსნას სთავაზობდა. ჩიკვაშვილმა ვერ გაუძლო ოცნების, სუს-ის და შემოსავლების სამსახურის წნეხს და სრულად დაჰყვა მათ მოთხოვნებში,“ - აცხადებს პარტიის ”საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა.
"საქართველოსთვის" ამ განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა თავად ნინო ჩიკვაშვილი. როგორც საკრებულოს დეპუტატი წერს, ის თავად აპირებდა პარტიის დატოვებას, რადგან "ღირებულებითი აცდენა" ჰქონდა.