15 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
საინტერესოა, რა გზავნილები გაჟღერდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გზავნილები იქნება ჩვენი ევროპული გზის მხარდამჭერი - ირაკლი კობახიძე ბერლინში სოციალ-დემოკრატიული პარტიების ყრილობას ესწრება

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბერლინში, სოციალ-დემოკრატიული პარტიების ყრილობაზე სამუშაო ვახშამს დაესწრო. მიღებას, რომელსაც ოლაფ შოლცი მასპინძლობდა, ფინეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვედეთისა და მალტის პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ, ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც.

არაფორმალურ გარემოში მხარეებმა დისკუსია გამართეს ევროპაში არსებულ ურთულეს გამოწვევებზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე და ამ ფონზე შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე გამახვილდა. ყრილობის დასკვნით დღეს ევროპის ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ოლაფ შოლცი დელეგატებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ყრილობაზე საქართველოსთვის საინტერესო გზავნილები გაჟღერდება.

"ჩვენ ინტერესით ველოდებით ფედერალური კანცლერის მიმართვას ყრილობის მიმართ. რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო საკითხი იქნება წინ წამოწეული, რაც მათ შორის დაკავშირებული იქნება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესოა, რა გზავნილები გაჟღერდება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გზავნილები იქნება ჩვენი ევროპული გზის მხარდამჭერი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ყრილობაზე მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული. 

"მნიშვნელოვანია ეს ფორმატი, ვინაიდან, აქ შესაძლებლობა არის, რომ ევროპელი სოციალისტების ოჯახის ფარგლებში იყოს განხილული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საქართველოსთვის საინტერესო საკითხები, როგორიც არის ევროკავშირის გაფართოების საკითხი და უსაფრთხოების თემები,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყრილობაზე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის დეპუტატმა რუმინეთიდან,  ვიქტორ ნეგრესკუმ.

"მოხარული ვართ, რომ ამ რეზოლუციის მეშვეობით, კვლავ მხარი დავუჭირეთ ნათელ ევროპულ პერსპექტივას ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის. მხარი დავუჭირეთ მოლდოვას , უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ მომავალს. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით სიკეთისთვის,“ - განაცხადა  ვიქტორ ნეგრესკუმ.

დღის ამბები