მორიგი დახმარება უკრაინას - ამერიკის შეერთებული შტატები, ომში მყოფ ქვეყანას დამატებით 725 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, შესაბამის განკარგულებას შტატების პრეზიდენტმა, ხელი უკვე მოაწერა.
განცხადების ტექსტს თეთრი სახლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. დახმარების ახალი პაკეტი საბრძოლო მასალასა და სატრანსპორტო საშუალებებს მოიცავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ რუსები დარტყმებს არ წყვეტენ.
"მტერი არ წყვეტს დარტყმას ჩვენი ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე. განხორციელდა თავდასხმები ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით. ჩვენმა მცველებმა ცხრიდან ექვსის ჩამოგდება მოახერხეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა განახორციელეს ექვსი სარაკეტო და ოცდაათი საჰაერო დარტყმა. არსებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო დაწესებულებებში დიდი რაოდენობით დაჭრილია მოთავსებული. ექიმების დატვირთულობისა და საწოლების არქონის გამო საავადმყოფოებში სამოქალაქო პირებს არ იღებენ. დონეცკის რეგიონში თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები. გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა ოცდაათამდე დარტყმა განახორციელეს. მტერს აქვს დანაკარგები როგორც ცოცხალი ძალის ასევე ტექნიკის მხრივ,"- აცხადებს ოლექსანდრ სტუპუნი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსები ევროპელებს და უკრაინელებს აშინებენ.
"როგორც ჩანს, მტერი შეწუხებულია. უბრალოდ მოუსმინეთ რას და როგორ ეკითხებიან ამ ტერორისტების ლიდერს, როდესაც ის ხალხთან და ჟურნალისტებთან მიდის. რუსეთში უკვე დამარცხებისა და უიმედობის ატმოსფეროა. მათ კიდევ ჰყავთ ადამიანები, რომლებსაც თავდასხმის ზონებში გზავნიან. მათ აქვთ იარაღი, რაკეტები და შაჰიდის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ. ისინი ცდილობენ და აშინებენ ჩვენს ქალაქებსა და ევროპელებს, თუმცა უკრაინა მაინც წინ მიიწევს და რუსებს არანაირი შანსი არ აქვთ. რუსეთის ბოლოდროინდელი ტერაქტების სერიის შემდეგ, რეგიონებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება. უმეტეს რაიონებში აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა ზოგიერთ ქალაქში და რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით მიმდინარეობს,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.