პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი პარტია "დროას" განცხადებას ეხმაურება. "დროას" განცხადების თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, კენჭისყრის პროცედურას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი არ დაესწრო.
ლევან იოსელიანი "დროას" ამ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ თავად რეზოლუციას მხარი დაუჭირა, მაგრამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის მეოთხე შესწორებას, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა ნახსენები.
"გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას, ბევრი ხმაური მოყვა. ამ რეზოლუციას, ცხადია მე მხარი დავუჭირე, თუმცა არ დავუჭირე მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული.
რახან ერთიანი ხმის მიცემის შედეგებში ჩემი ხმა არ ჩანს, ვიღაცემა ჩათვალეს, რომ რეზოლუციის ტექსტს მხარი არ დავუჭირე. რა თქმა, უნდა ამ ხმის მიცემის ჩამონათვალში, ჩემი ხმა არ გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ თუ გინდა რომ რეზოლუციას, რომელიმე შესწორების გარეშე დაუჭირო მხარი, ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უნდა განაცხადო ზეპირსიტყვიერად და შემდეგ რეზოლუციის შედეგებს ჩანაწერის სახით აეკრობა შენი მხარდაჭერა. როგორც სქრინში ჩანს. ამგვარად, თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მეგობრებო ასამბლეის ვებგვერდზე, 14 ოქტომბრის ზეპირსიტყვიერ ჩანაწერებში იპოვით ჩემს მხარდაჭერას.
კენჭის ყრის დღეს ჩემი ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა, რის გამოც მეორე დღეს სესიაზე განვაცხადე რომ ჩაესწორებინათ და დაეფიქსირებინათ, ესეც ოფიციალურ ხმის მიცემად ითვლება. მსგავსი ფორმით ხმის მიცემა ასამბლეაში მიღებული და ხშირი პრაქტიკაა.
ამიტომ რეზოლუციას ჩანაწერის სახით ახლავს ლევან იოსელიანის მხარდაჭერაც, რაც PACE-ს ოფიციალურ გვერდზე ჩანაწერებში ჩანს კიდევაც,"- აცხადებს იოსელიანი.