2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა პარლამენტში დღეს სრულდება. ბოლო კომიტეტი, რომელიც ამ ეტაპზე იმსჯელებს, საფინანსო-საბიუჯეტო იქნება. განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უკან, მთავრობას გადაეგზავნება. ოპოზიცია ქვეყნის მთავარ ფინანსური დოკუმენტის პროექტს იწუნებს და ამტკიცებს, რომ მასში თანხები არამიზნობრივადაა განაწილებული.
"პრობლემები ძალიან ბევრია, მათ შორის სოციალური მიმართულებით, სუს-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ზრდა და ბიუჯეტი, რომელიც ძალიან გაბერილია ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით. რეალურად შესაძლებელია ის ცვლილებები, რომელიც ჰქონდა ოპოზიციას გაითვალისწინონ იმ შემთხვევაში თუ გვინდა ბიუჯეტი, რომელიც ორიენტირებული იქნება სოციალურ საკითხებზე," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
ოპონენტებისაგან განსხვავებულად ფიქრობს მმართველი გუნდი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გამოიხატება საპენსიო ფონდის გაზრდასა და თავდაცვის ძალებისთვის ხელფასის ზრდაში.
"ბიუჯეტში არის მნიშვნელოვანი ციფრები და წარმოდგენა იმ თვალსაზრისით, რომ მაკროეკონომიკური ნაწილი არის გაზრდილი. 5%-იანი ზრდა არის მთლიანი შიდა პროდუქტის ჩადებული. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკა ნომინალში მიაღწევს 79,6 მილიარდ ლარს. იზრდება ხელფასები საბიუჯეტო სფეროში, იზრდება პენსიები, ასევე იზრდება 20%-ით ხელფასები ჯარისკაცებისა და პოლიციელებისთვის," - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
ახალი ბიუჯეტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.