უკვე ორ საათზე მეტია კიევზე ინტენსიური იერიში მიმდინარეობს. უკრაინის დედაქალაქს ოკუპანტები "კამიკაძე-დრონებით" უტევენ. აფეთქებების ხმა რამდენიმე წუთიანი ინტერვალით ისმის. მოსახლეობა თავშესაფრებშია. მთელ კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 4 აფეთქებიდან ერთ-ერთი დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მოხდა. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე ამ წუთებში სახანძრო ბრიგადები და ექიმები მუშაობენ. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამ ეტაპზე გადარჩენილია 18 ადამიანი. წინასწარი ცნობით, ორი ადამიანი ნანგრევებში რჩება. მაშველები მუშაობას აგრძელებენ.
აფეთქების ხმა ისმოდა ოდესაშიც. როგორც მედია წერს, დიდია ალბათობა ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა შავი ზღვიდან მოხდეს.
რაც შეეხება ვითარებას მთლიანად ქვეყანაში - ბახმუტი და სოლედარი კვლავ ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება.