ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შალვა პაპუაშვილი შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და "ნატოში" საქართველოს წევრობის პროცესი. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია საქართველოსა და უკრაინის წევრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. შეხვედრას უმრავლესობის, საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წევრები ესწრებოდნენ.
"ნორვეგია ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ "ნატოს" წევრია და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენ ყველამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვეთ ნატომ იაზროვნოს არაორდინალურად ისე, როგორც საომარ ვითარებას შეეფერება. უფრო თამამი ნაბიჯები გადადგას, მათ შორის საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
ამასთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ის თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს საქართველოს იმისათვის, რომ "ნატოში" შევიდეს.
"ჩვენი მოთხოვნა იყო ის, რომ "ნატოსთან" ურთიერთობებში გვინდა უფრო მეტი სიცხადე, გვჭირდება გაწერილი გეგმა იმასთან დაკავშირებით თუ როდის შეძლებს საქართველო ნატოში გაწევრიანებას. საქართველოს ტუ რაიმე აქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით, ასევე გვჭირდება ოფიციალურად წარმოდგენილი გეგმა სადაც ეწერება ის რეფორმები, თუ რეფორმებია გასატარებელი, ან ის ღონისძიებები რაც უნდა განვახორციელოთ იმისთვის, რომ გავხდეთ ნატოს წევრი,"-აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.