ევროსაბჭოს რეზოლუცია თბილისში ისევ პოლიტიკური ბრალდებების თემაა. ოპოზიცია ისევ ხელისუფლებას აკრიტიკებს, უმრავლესობისთვის კი მიუღებელია ოპოზიციის არგუმენტი, თითქოს ხელისუფლებას შეეძლო სააკაშვილზე გაკეთებული ჩანაწერის გვერდის ავლით, რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირა.
ისინი ოპონენტებს 2008 წელს მიღებულ რეზოლუციას ახსენებენ, რომელსაც მაშინ საქართველომ მხარი დაუჭირა და რომელშიც მათი თქმით, ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. უმრავლესობა ამბობს, რომ თუ პროცედურა ამის შესაძლებლობას იძლევა, რატომ არ მიმართა იგივე წესს მაშინ ყოფილმა ხელისუფლებამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და უკრაინის რადას დეპუტატთა ჯგუფმა, ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერით ზუსტად ბოლო წუთს შეაპარეს შესწორება, სადაც (მსჯავრდადებული) სააკაშვილი არის მოხსენებული. 650 პარლამენტარისგან შემდგარ ევროპის საბჭოს ასამბლეაში, ინიციატორებმა ისარგებლეს დეპუტატთა უდიდესი უმრავლესობის არყოფნით და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებით 56 ხმით მხარი დაუჭირეს ამ აბსურდული დამატების შეტანას რეზოლუციის ტექსტში. იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილება ტექსტში აისახა, ერთადერთიო სწორი გადაწყვეტილება იყო რეზოლუციის საბოლოო ტექსტის კენჭისყრაში მონაწილეობის არ მიღება. ამიტომ, როგორც ეს აბსურდული დამატება, ასევე განცხადებები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა უკრაინის რეზოლუციას არის თქვენი მხრიდან ქვეყნის დაზიანების მორიგი მაგალითი. ძვირფასო ოპონენტებო ასე გახარებული და აჟიტირებული, რომ ბრძანდებით უმნიშვნელოვანეს რეზოლუციაში მიღებული აბსურდული დამატებით, მსურს გითხრათ 2008 წელს თქვენ, რომ გემოქმედათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც მხარი დაუჭირეთ 1633-ე რეზოლუციას და მასში ასახულ მე-5 პუნქტს- საზოგადოების, ჩვენი გმირი ჯარისკაცების და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ადამიანების სულისა და მათი ოჯახების წინაშე ასეთი შერცხვენილები ბარ იქნებოდით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.
ამასთან, პარლამენტის პლენარული სხდომაზე პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ უმრავლესობას შეახსენა, რომ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მოხსენიებულია პოლიტიკურ პატიმრად. ხატია დეკანოიძემ ევროსაბჭოზე მმართველი გუნდის პოზიციას სამარცხვინო უწოდა.
"იმ შესწორებაზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ამ შესწორებაში მიხეილ სააკაშვილი დიახ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მოხსენიებულია პოლიტიკურ პატიმრად ყარამურზასთან ერთად. იმ ადამიანთან, რომელიც ებრძვის პუტინს და ამ ფაქტს ვერსად ვერ წაიღებთ. თქვენ შეგეძლოთ მარტივად, წინააღმდეგ მიგეცათ იმ შესწორებისთვის, რომელიც რეალურად თქვენ არ მოგწონდათ. შესწორებისთვის, რომელსაც ხელი მოაწერა არა მხოლოდ ხატია დეკანოიძემ ან უკრაინის წარმომადგენლებმა, არამედ ხელი მოაწერა 35-ზე მეტმა დეპუტატმა. ამიტომ ვერცერთი დემაგოგიური განცხადება ვერ გადაფარავს იმ სამარცხვინო პოზიციას, რომელიც იყო ევროსაბჭოში საქართველოს უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
სხდომაზე ხმაური დისკომფორტი აღმოჩნდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრისთვის. ანა ნაცვლიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დარბაზში წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
"თხოვნა მაქვს ბატონო თავმჯდომარე, მოვუწოდოთ საკუთარ თანაპარტიელებს დაიცვან დარბაზში წესრიგი. იმიტომ, რომ ხმის გადაფარვის ტაქტიკა შეინიშნება და ძალიან გთხოვთ ყველას, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს ან დავტოვოთ დარბაზი,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
ანა ნაცვლიშვილის შენიშვნას მალევე უპასუხა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძემ ოპონენტს 2008 წლის რეზოლუცია შეახსენა და განუმარტა, რომ ოპოზიციას ის ფაქტი უნდა აღელვებდეს, რომლის თანახმადაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალა და არა "ორი კაცის ხმამაღალი გადალაპარაკება".
"როდესაც ოპოზიციას აწუხებს ორი კაცის ხმამაღალი გადალაპარაკება ერთმანეთში და ამით არის აღშფოთებული და არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არ დაეჭირათ, მაშინ მათ კიდევ ერთხელ აღიარეს ღალატი. 2008 წელს თურმე მათი ლოგიკით- ოღონდ ეს ასე არ არის, მაგრამ შეეძლოთ ჩანაწერისთვის სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ჰბრალდებოდათ მხარი არ დაეჭირათ და ეს ასე არ გაუკეთებიათ. პროცედურის ეს ნაწილი არ აღელვებთ, ორი კაცის ხმამაღალი გადალაპარაკება აღელვებს- ასეთი მყარები არიან ესენი არგუმენტებში და როცა ასე სისულელეებს და ტყუილებს ილაპარაკებთ ძალიან გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ და გაგახსენდეთ, რომ დააბრალეთ მოღალატეობრივად ქართველ სამხედროებს ომის დაწყება," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
სხდომაზე რეზოლუციასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რეზოლუციაში სადაც ჩაიწერება, რომ არაერთი ძალადობრივი ფაქტის ორგანოზატორი არის პოლიტპატიმარი- პაპუაშვილი და "ქართული ოცნება" ამ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს.
"რეზოლუციაში, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა. ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, ეს ადამიანი არის ვითომ პუტინის პატიმარი- ეს პირდაპირი თავდასხმაა ქართულ სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება. ამიტომ ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი, რა ტექსტიც რ უნდა იყოს, რაც არ უნდა ეწეროს შიგნით, როდესაც ხდება ქართულ სახელმწიფოზე და ქართველ ხალხზე, იმას ჩემი და "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არ ექნება. თქვენ ამ რეზოლუციას 2008 წელს მხარი, როგორ დაუჭირეთ ეს ვნახეთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.