პრემიერისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები იყო.
ასევე, ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. აღინიშნა, რომ ახლახანს ხელმოწერილი დეკლარაცია, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ყველა მიმართულებით ახალ იმპულსს შესძენს.
მთავრობის მეთაურმა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
ასევე, ყურადღება დაეთმო ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.