15 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
"ერთი თანამდებობის პირი მითხარით, რომელიც გადადგა ამ ამბების შემდეგ სადმე ან თბილისში, ან ბათუმში ამ წლების განმავლობაში" - ალეკო ელისაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ განცხადებები გაკეთდა. სხდომაზე ისმოდა ურთიერთბრალდებები. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გამოძიება გაჭიანურდა და ამ მიმართულებით პრობლემებია. პარტიების ნაწილი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

"ვარკეთილის ჭერის ექსპერტიზა რომ გააკეთა კომპანიამ, იმ კომპანიას რომ ანდობ ვაკის შადრევანს, მერე საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მერიამ და მაღალი თანამდებობის პირებმა ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა აიღონ? ვარკეთილის ჭერი რომ ჩამოვარდა, იმის შემდეგ რომ იმ ექსპერტს რამეს მისცემ და პასუხისმგებელი არავინ არ არის. მესმის, რომ ადამიანურად უჭირს, მაგრამ პასუხისმგებლობა სად არის?" - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ურჩევს, ქალაქის მერმა და თანამდებობის რამდენიმე პირმა, ვისაც ეხებოდა რეაბილიტაციის ზედამხედველობა, გამოძიების დასრულებამდე მაინც შეიჩერონ უფლებამოსილება. 

"ერთი თანამდებობის პირი მითხარით, რომელიც გადადგა ამ ამბების შემდეგ სადმე, ან თბილისში, ან ბათუმში ამ წლების განმავლობაში. ან ერთი თანამდებობის პირი მითხარი, რომელიც დააკავა გამოძიებამ. ეს არის ყველას პრობლემა, ეს არის პოლიტიკური პრობლემაც, მორალური პრობლემაც და სისტემური პრობლემაც. ჩემი კეთილი რჩევა იქნებოდა, რომ ქალაქის მერმა და თანამდებობის რამდენიმე პირმა, ვისაც ეხებოდა რეაბილიტაციის ზედამხედველობა, ჩაბარება, გადმობარება, გამოძიების დასრულებამდე მაინც შეიჩერონ უფლებამოსილება," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები